სალვადორ დალის მიერ დახატული ქართველი თავადი | Allnews.Ge

სალვადორ დალის მიერ დახატული ქართველი თავადი

ქართული საზოგადოებისთვის სალვადორ დალის ახალი ნამუშევარი გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა დალიმ პორტრეტი თავის მეგობარსა და ქართველ თავადს არჩილ გურიელი-ჭყონიას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ დალიმ თავისი ქართველი მეგობარი ტრადიციულ სამოსშო გამოწყობილი დახატა, რომელიც კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ფონზეა გამოსახული.

მდინარეში ნავები ჩანს, რომლებიც, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ იასონისა და არგონავტების ისტორიას მოიცავს, დათოვლილი მთები კი საქართველოს ლანდშაფტს ასახავს. საბოლოოდ დალიმ შექმნა სრულად ქართული თემატიკის ნახატი, რომელიც ქვეყნის კულტურასა და ტრადიციას გადასცემს მნახველს.

სალვადორ დალის ყურადღების მიღმა არც არჩილ გურიელი-ჭყონიას მეუღლე ჰელენ რუბინშტეინი დარჩა. ბევრი ცნობილი მხატვრის ერთ-ერთმა საყვარელმა სახემ დალისთვისაც იპოზიორა.

ნამუშევარი 1943 წელსაა შექმნილი და მისი ფასი მილიონიდან მილიონ-ნახევარ დოლარამდე მერყეობს.

არჩილ გურიელი-ჭყონია 1895 წელს, წვრილი თავადების ოჯახში დაიბადა. არჩილის მტკიცებით მისი ბებია გურიელების შთამომავალი იყო. 1921 წელს ის საქართველოდან ავსტრიაში გაემგზავრა, შემდეგ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 1937 წლიდან მოყოლებული კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 1945-47 წლებში ამერიკაში მყოფი ქართული საზოგადოების თავმჯდომარე იყო თუმცა, საქართველოში დარჩენილ ახლობლებსა და ნათესავებს არ ივიწყებდა და მათ საზღვარგარეთ განათლების მიღებაში ეხმარებოდა.

ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონის, ბიზნესვუმენისა და პარფიუმერიის დედოფლად წოდებული ჰელენ რუბინშტეინის ცოლად შერთვის შემდეგ მოექცა. ჰელენი პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას "ჰელენა რუბინშტეინს" ფლობდა, რომელიც ამჟამად "ლორეალის" ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. მისმა კორპორაციამ თელ–ავივს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აჩუქა. ის აფინანსებდა მოგზაურ ხელოვანებსა და ებრაელ სტუდენტებს, ასევე მრავალ გამოკვლევას სამეცნიერო სფეროში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამერიკა–ისრაელის კულტურულ ფონდში.

სალვადორ დალისთან მეგობრობისას არჩილ გურიელი-ჭყონიამ მხატვარს საქართველოზე გამორჩეულად დადებითი წარმოდგენა შეუქმნა.

იხილეთ გალერეა

myquiz