ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი ფილმები | Allnews.Ge

ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი ფილმები

ჩვენ ყოველდღიურად გვესმის პოლიტიკოსების შეხედულებები საგარეო კურსის, საშინაო საკითხების, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შესახებ, შესაბამისად, თითოეული მათგანის პროფესიული თუ თანამდებობრივი საქმიანობის შესახებ წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ვიცით თუ არა რომელ ფილმებსა და რეჟისორებს ანიჭებენ უპირატესობას ისინი?

Allnews.ge 10 ქართველი პოლიტიკოსის საყვარელი ფილმებისა და რეჟისორების შესახებ მოგითხრობთ.

 ეკა ბესელია

"ნატვრის ხე"

"დიდოსტატის მარჯვენა"

"ჯეინ ეარი"

"ქარიშხლიანი უღელტეხილი"

"იქამდე, ვიდრე შენ მოხვიდოდი"

"გრაფი მონტე კრისტო"

"პატარა ასაკში, ქართული ფილმებიდან ყველაზე ემოციური და საყვარელი "ნატვრის ხე"იყო და დღემდე მიყვარს. მგონია, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფანტასტიკური ფილმია. ჩემთვის მარიტა არის სიმბოლო, როგორ შეიძლება ფასეულობა ტალახში ამოსასვრელი გახდეს და ვფიქრობ, რომ ეს რეჟისორის ფილოსოფიური სვლა იყო, რომელმაც" ამაოება ამაოთა" გვაჩვენა. ის, რაც მიიჩნევა, რომ მიუღებელი და არანორმალურია, შესაძლოა, ყველაზე დიდი სიბრძნე იქ იყოს და რასაც ტალახს ესვრიან, შეუძლება, ყველაზე დიდი სიწმინდე მასში იყოს.

რაც შეეხება უცხოურ ფილმებს, პირველად, ყველაზე ემოციური დამოკიდებულება შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეართან" და ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ძველ ეკრანიზაციასთან მქონდა.

"ჩემი პროფესიის მიუხედავად, დეტექტიური ფილმები საყურებლად ნაკლებად მომწონს და ფსიქოლოგიური და ისტორიული ფილმების ნახვა მირჩევნია".

 

გიორგი მოსიძე

"ვიკი კრისტინა ბარსელონა"

"სიყვარული რომიდან"

"მიცვალებულები"/The Departed

"არ დაიდარდო"

"მონანიება"

"ცისფერი მთები"

"არაჩვეულებრივი გამოფენა"

"ჯარისკაცის მამა"

"ფილმებს განწყობის მიხედვით ვუყურებ. ამ ბოლო დროს იმდენად იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო, რომ სერიოზული ფილმებისა და განცდების თავი არ მაქვს, ამიტომ ძილის წინ ვუყურებ სერიალებს.

2011 წელს ნიუ იორკის კინოაკადემიაში ვსწავლობდი და დრამატული სერიალების პროდუსერის დიპლომი მაქვს, ამიტომ ამ სერიალებს პროფესიული თვალით ვუყურებ, დაწყებულ პროცედურული დრამებით, დამთავრებული ისტორიული დრამებით.

ფაქტობრივად, ყველა სერიალი ნანახი მაქვს, "სამეფო კარის თამაშების" გარდა, მათ შორის Homeland, House of Cards. ვფიქრობ, რომ სერიალურმა კინომ ნელ-ნელა ჩაანაცვლა ჩვეულებრივი კინემატოგრაფი და მალე მოკლავს კიდეც, რადგან ისეთი სერიალები გამოდის, რომ კინოში სიარული, ფაქტობრივად საჭირო აღარ არის.

ყველა დროის ყველაზე კარგი სერიალი თავისი სიუჟეტით, გადაღებითა და აბოსულუტურად ყველაფრით არის Breaking Bad.

რეგულარულად ვუყურებ Elementary-ს, რომელშიც თანამედროვე შერლოკ ჰოლმსი ნიუ იორშია ასახული, ვუყურებ სერიალს Last Ship-ს, რომლის მესამე სეზონიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ძილის წინ საყურებელი სერიალია.

ვუყურებდი "სკანდალს" და შევწვიტე, იმიტომ რომ დამღალა. ვუყურებდი "სტალკერს" სერიულ მკვლელებზე, Criminal Mind-ს, რომელიც ალბათ ყველას აქვს ნანახი.

ველოდები ახალ-ახალ რაღაცებს. გუშინ დავიწყე Shooter-ის ყურება, რომელიც ცნობილი ფილმის მიხედვითაა გადაღებული და იმედი მაქვს, სერიალიც საინტერესო იქნება. მიყვარს ამერიკული კინო, რადგან არის სიუჟეტიც, მოქმედებაც, მორალიც, ფილოსოფიაც და ჩვეულებრივი გმირი, რომელიც ცხოვრების ყველანაირ ქარტეხილს გაუძლებს და საბოლოო ჯამში გამარჯვებული გამოვა".

ნიკა რურუა

"მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიემგზავრება"

"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"

"თუში მეცხვარე"

"იყო შაშვი მგალობელი"

"7 სამურაი"

"შესანიშნავი შვიდეული"

"საყვარელი ფილმია "მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიემგზავრება," რომელშიც ჯეიმს სტიუარტი თამაშობს. ეს ფილმი ახალგაზრდა, პრინციპულ და არაკორუმპირებულ პოლიტიკოსზეა, რომელიც დინების წინააღმდეგ მიდის და ბოლოს იმარჯვებს. მას ძალიან ძლიერი პოლიტიკური კლასი და ლობისტების მთელი არმია უპირისპირდება, თუმცა, ის თავის სიმართლეს ამტკიცებს და მისი მოწინააღმდეგე, რომელიც ძალიან გამოცდილი და კორუმპირებულია, ახალგაზრდა პოლიტიკოსის თავგანწირვით მოიხიბლება და საკუთარ შეცდომას აღიარებს.

აქ ნაჩვენებია, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკაში სიმართლე და იდეალიზმი.

ჩემი მეორე საყვარელი ფილმია მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა," რომელშიც ფსიქიატრიული საავადმყოფო მეტაფორულად ჩაკეტილ საზოგადოებასა და სახელმწიფოს ნიშნავს.

კიდევ ერთ საყვარელ ფილმზე მამაჩემიც მუშაობდა, ეს არის "თუში მეცხვარე," რომელიც საქართველოსა და მშრომელი ადამიანების შესახებაა, რომლებიც თავიანთ საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებენ. ეს ფილმი არის ძალიან პატრიოტული. ამ ფილმში ერთი ფრაზაა - "ბალღო, ეს არის შენი სამშობლო," რომელიც ყველაფრად ღირს. თუში მეცხვარე ისეთი ფილმია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ნახოს და ყველა ახალგაზრდას შეაყვარებს ქვეყანას.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია "იყო შაშვი მგალობელი," რომლის ერთ ეპიზოდშიც, 2 თუ 3 წლის ასაკში მეც ვარ გადაღებული.

აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ გარბის დრო, როგორ უნდა დავაფასოთ ცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია მის ყოველი წამი. ვფიქრობ, რომ ეს ფილოსოფიური ნაწარმოებია და ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული.

მნიშვნელოვანი ფილმია, რომელიც ბოლო ხანებში ვნახე "7 სამურაი" და მისი ამერიკული ვერსია, რომელშიც რაინდები მიდიან და სოფელს ყაჩაღებისგან იცავენ. ესეც ალეგრიული ფილმია, სადაც ჩანს, რომ მოგებული არის გლეხი, ადამიანი, რომელიც მიწაზე მუშაობს და თავგანწირვას და იდეალიზმს დიდი მსხვერპლი სჭირდება. ორივე, "7 სამურაი" და "შესანიშნავი შვიდეული" ჩემი ძალიან საყვარელი ფილმებია".

 

დავით ზურაბიშვილი

"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"

"ოიდიპოსი"

"შესანიშნავი შვიდეული"

"მაქვს რამდენიმე ფილმი, რომლემაც ჩემზე დიდი შთაბეჭილება მოახდინა, მაგალითად მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს" გადაუფრინა. ეს ის ფილმია, რომლის დახურულ ჩვენებაზეც შევიპარე და ვნახე. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო და ძალიან დიდი შთაბეჭილება მოახდინა.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პაოლო პაზოლინის "ოიდიპოსმა," თუმცა არ ვიცი, ახლა რამდენად შევძლებ ამ ფილმის ისე აღქმას, როგორც მაშინ, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს იყო კინემატოგრაფიის ენა, შედევრი.

შესაძლოა, "შესანიშნავი შვიდეული" კინემატოგრაფიული შედევრი არ იყოს, მაგრამ ჩემი ბავშვობის სიყვარულია და ჩემი თაობის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. მახსოვს, რომ ბევრი მათგანი ამ ფილმის გმირებს ლაპარკშიც ბაძავდა".

გია ვოლსკი

"სუვენირი აფრიკიდან"

"ფანი და ალექსანდრე"

"ქინ-ძა-ძა"

"არაჩვეულებრივი გამოფენა"

"კარიბის ზღვის მეკობრეები"

"სუვენირი აფრიკიდან" არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი, რომელშიც ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მხარე იკვეთება, განსაკუთრებით, ქალის ტიპაჟია წინ წამოწეული, რომელიც არცერთ მამაკაცს არ ჩამოუვარდება. ოპერატორული შესრულება, მსახიობების შესრულება და შინაარსი შესანიშნავია და სავსეა ტრაგიზმით, სიხარულით და ნაჩვენებია ყველა ცხოვრებისეული პერიპეტია.

ძალიან მომწონს "ფანი და ალექსანდრე," რომელიც საკმაოდ ღრმა ფილოსოფიური ფილმია და ადამიანური ურთიერთობების კუთხე-კუნჭულებს ავლენს.

ქართული ფილმებიდან მომწონს გიორგი დანელიას "ქინ-ძა-ძა," რომელიც ძალიან ძლიერი და ალეგორიული ფილმია, სახელმწიფოში ადამიანთა ყოფის ყველა უარყოფით მხარეს ასახავს.

"არაჩვეულებრივი გამოფენა," ოთარ იოსელიანის "იყო შაშვი მგალობელი" - ეს ფილმები ძალიან მომწონს, რადგან ფილოსოფიურია, ადამიანებზეა, რეალისტურია, ყველაფერს თავის სახელს არქმევს და ყოფიერებას ზუსტად ასახავს. აქ თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია თავისი თავის პოვნა.

ახლა დრო შეიცვალა, ფსიქოლოგიური ფილმებისთვის ჩაღმავების დრო არ მაქვს და ჩემს თვალს უფრო სათავგადასავლო ფილმები იტაცებს.

 

ლევან ბერძენიშვილი

"როკო და მისი ძმები"

"ამადეუსი"

"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"

"როკო და მისი ძმები" ძალიან ცნობილი ფილმია, რომელზეც იგრძნობა ლიტერატურული, კერძოდ დოსტოევსკის გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება იტალიაში ხდება, ეს ფილმი "ძმები კარამაზოვების" გავლენას განიცდის.

ძალიან მიყვარს მილოშ ფორმანის "ამადეუსი."

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მოცარტი სალიერს არ მოუკლავს, ნაჩვენებია, რომ გენიოსის მიმართ შური ამოძრავებდა და ეს ალბათ მართალია. ეს არის ფილმი იმის შესახებ, რა ძნელია და რა დიდებულია, როდესაც ადამიანი ისე გამოირჩევა, როგორც ეს მოცარტის შემთხვევაშია.

მომწონს ამავე რეჟისორის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა," რადგან ეს ფილმი არის თავისუფლებასა და თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე და ძალიან კარგი წიგნის ეკრანიზაციაა, თუმცა ფილმი და წიგნი ერთმანეთისგან განსხვავდება".

თამარ კორძაია

"ცისფერი მთები"

"ღრუბლებს მიღმა"

"შინდლერის სია"

"ბოლო პერიოდში სერიალებით ვარ გატაცებული და ახლა ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნით ვუყურებ Breaking Bad-ს, მეხუთე სეზონზე ვარ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სერიალია.

სერიალები ჩემთვის დასვენების, განტვირთვის ფუნქციას ასრულებს.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Homeland-მა, Sherlock-მა და მისმა კიდევ ერთმა ვერსიამ, Elementary-მ. ვფიქრობ, რომ ამ სერიალებში ბევრი რამ დევს, არის მათში რაღაცები შემეცნებითი.

ქართული ფილმებიდან გამოვყოფდი "ცისფერ მთებს," რადგან აქ ძალიან კაგად ჩანს სისტემა.

ძალიან მიყვარს მიქელანჯელო ანტონიონის "ღრუბლებს მიღმა," რომელიც ძალიან ლამაზი, ამაღლებულია და კარგ გრძნობებს ტოვებს. მომწონს "შინდლერის სია," რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ფილმში, ალბათ, თავისუფლების იდეისს ნაპერწკალია".

თამაზ მეჭიაური

"შერეკილები"

"არაჩვეულებრივი გამოფენა"

"ცისფერი მთები"

"მიმინო"

"ნატვრის ხე"

"მამაცი გული"

"ნათლიმამა"

"ერთხელ ამერიკაში"

"შინდლერის სია"

"რთულია, საყვარელი ფილმების მცირე რაოდენობა დავასახელო, მაგალითად, ელდარ შენგელაიას სამი შედევრი, "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ცისფერი მთები" ჩემს საყვარელ ფილმებს წარმოადგენს.

ჩემი აზრით, შედევრია "მიმინო", "ნატვრის ხე."

მომწონს ფილმი "მამაცი გული," რადგან მის შინაარსს თითქოს საერთო ჩვენთანაც აქვს და ეხება მარადიულ თემას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ეს ჩვენთვისაც მარადიულ თემად რჩება.

ასევე მომწონს "ნათლიმამა", "ერთხელ ამერიკაში", "შინდლერის სია". იმდენი კარგი ფილმია, მათი გამორჩევა ძნელია. თუმცა ახლა, რომ ჩავუჯდე და ისე ვუყურო ფილმს, ამის დრო არ მაქვს".

ზაზა ხუციშვილი

"არაჩვეულებრივი გამოფენა"

"დიდი ქალაქის ჩირაღდნები"

"კედელი"

"ბედის ირონია ანუ გაამოთ"

"ნოთინგ ჰილი"

"არაჩვეულებრივი გამოფენა" ძალიან მიყვარს, რადგან აქ ძალიან საინტერესო და კარგი ხელოვანის ცხოვრებაზეა მოთხრობილი. ამ ფილმის თითქმის ყველა ფრაზა გაგვყვა ცხოვრებაში.

მომწონს ჩარლი ჩაპლინის "დიდი ქალაქის ჩირაღდნები", რადგან ძალიან ჰუმანური, მხიარული და სასაცილო ფილმია. ჩარლი ჩაპლინის ფილმები ჩემთვის ძალიან საყვარელია.

მომწონს ალან პარკერის "კედელი," რომელიც "ფინქ ფლოიდის" ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ეს არის ომისა და ძალადობის საწინაარმდეგო ძალიან საინტერესო ფილმი. საოცრად შთამბეჭდავიაა.

ძალიან მიყვარს ელდარ რიაზანოვის "ბედის ირონია ანუ გაამოთ" და არ ვიცი, რამდენჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი.

შინაარსობრივად შესაძლოა, ბევრი კარგ ფილმი იყოს, მაგრამ ორჯერ-სამჯერ არ ვნახო, ესენი კი ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმებია.

ზოგადად, კარგად გადაღებულს ნებისმიერი ჟანრის ფილმს ვუყურებ, მათ შორის შეიძლება დავჯდე და ჯეიმს ბონდის სერიებსაც ვუყურო, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული შინაარსი არ აქვს.

ძალიან მიყვარს კომედიური და რომანტიკული ჟანრის ფილმები და რომანტიკულიდან "ნოთინგ ჰილი" მომწონს, ძალიან სასიამოვნო საყურებელი ფილმია".

რომან გოცირიძე

"ვუყურებ  კანის, ვენეციის და ბერლინის ფესტივალების ყველა მთავარ ფილმს. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს: სასიამოვნო და დროის ტენდენციაზე დასაკვირვებლად.

კინო, როგორც წესი, მემარცხენე ხაზისაა.

პოლიტიკოსისთვის საინტერესოა რომელ საზოგადოებრივ ძვრებს წინასწარმეტყველებენ, რომელია სიცოცხლისუნარიანი და რომელი არა. თუმცა, კინო კინოა და უნდა გაერთო და უნდა დატკბე ხელოვნებით. ყველა ასაკს თავისი საყვარელი ფილმები ახლავს. თუმცა, კლასკა კლასიკაა, მას ასაკი არა აქვს.

ამასთან, არ გამომრჩება არცერთი ახალი გვარის გაჩენა თანამედროვე კინოში.

გამორიცხულია, რომ თანამედროვე კლასიკოსების რაიმე ნამუშევარი გამომრჩეს: მაიკ ლი, კენ ლოუჩი, ულტიხ ზაიდლი, მიხეილ ჰანეკე და უამრავი სხვა. არიან რეჟისორები, რომლებიც ერთ დროს მომწონდა და ახლა ძალით ვუყურებ, მაგალითად პედრო ალმოდოვარი. ბოლო ათი წელია სულ მაქვს განცდა, რომ ვიღაც მწერალს მაგონებს, რომელიც არ მომწონს. ბოლო ფილმი ვნახე და გავაცნობიერე: პაოლო კოელიოს მივამსგავსე.

აზიური კინო მაგარია. სამხრეთ კორეული, იაპონური. ამერიკული უფრო გასართობად. რაც არ უნდა აკრიტიკო ჰოლივუდი, მაინც ჰოივუდია. ახლა ვუდი ალენის ბოლო ფილმი ვნახე. უბერებელია. ფილმების ყურების ახალი ჩვევა გაჩნდა ჩემს ოჯახში.

ჩემს გოგონასთა ერთად ვუყურებდი პატარაობიდან დღემდე, მორჩა ეს კინო, დაამთავრა სკოლა და წავიდა ჰოლანდიაში სასწავლებლად.

მასთან ერთად ვუყურებდი, მისი თვალებით, და უდიდეს სიაოვნებას ვღებულობდი იმ ფილმებისგან, რომელსაც მეორედ არასდროს ვნახავდი. დაწყებით კლასებში "ჰელადოსი", "კუკარაჩა", "ჩუჩელო", გოდერძი ჩოხელის ფილმი, არ მახსოვს სახელი, ძროხას რომ მიუყვანენ ხევსურს ქისტი ბავშვები მამის გამოსასყიდად და ის მკვდარი დახვდება. ორივემ მაგრად ვიტირეთ. "მუსიკის ჰანგები" - მთელი წელი ამ სიმღერებს მღეროდა. ორჯერ ვუყურეთ "მკვდარი პოეტების საზოგადოებას" - ეს უკვე მაღალ კლასებში. ძირითადად, თავისუფლებისა და ტოლერანტობის ხაზი გასდევდა.

სულ ბოლის, მეთორმეტე კლასში, ლორენ კანტეს "კლასი" ვნახეთ.  უკვე ძალით თუ დავსვამდი ჩემთან ერთად, დაკარგა ინტერესი. ასე, რომ წიგნის თუ კინოს აღქმა მრავალპლასტურია.

შვილთან ერთად განცდილი რაღაც სხვანაირია.

ერთი იაღლიშიც მომივიდა. სადღაც მეხუთე თუ მეექვსე კლასში იყო, ვესტსაიდის ისტორიის ნახვა რომ გადავწყვიტეთ. მეგონა თანამედროვე რომეო და ჯულიეტა მიეწონებოდა. ითმინა ერთი ოცი წუთი და როცა შეყვარებულმა დაიწყო მორიგი სიმღერა ”მარიაააააა" თავქუდმოგლეჯილი გავარდა, იმის მერე, რომ მოკლა, მიუზიკლს ვერ აჩვენებ".

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz