"ილია II" - ამ სახელწოდების ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ | Allnews.Ge

"ილია II" - ამ სახელწოდების ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი უნიკალური წიგნის გამოსაცემად ემზადება, " ილია II" - ამ სახელწოდების ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. დეტალებზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური საუბრობს:

- წიგნი "ილია მეორე" ასახავს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას, რომელიც გადმოცემულია დოკუმენტებისა და რეალური პირადი თუ საქმიანი მიმოწერების სახით. კერძოდ, მიმოწერაში ვგულისხმობ როგორც საოჯახო წერილებს, ისე მისი დიდი მოღვაწეობის ამსახველ გზავნილებს. ბუნებრივია, ოთხტომიან კრებულში მოცულობითი ინფორმაციაა არამხოლოდ პატრიარქის ცხოვრების შესახებ, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან - ილია მეორეს ცხოვრება, ფაქტობრივად, სარკესავით ასახავს იმ პროცესებს, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქვეყანამ გამოიარა.

წიგნში მოხვდა წერილები სტუდენტობის პერიოდიდან - რას წერენ მას ამ დროს მშობლები, საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე გზავნილებია. რამდენიმე მცირე წერილის გაცნობის შემდეგ სრულად შეგექმნებათ წარმოდგენა, რამდენად თბილ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით გამსჭვალულ ოჯახში გაიზარდა ილია მეორე. საოცარი სიყვარულითაა გადმოცემული როგორ სცემენ პატივს მშობლები შვილის ცხოვრებისეულ არჩევანს, ალბათ, სწორედ ასეთმა ოჯახმა განაპირობა პატრიარქის შემდგომი მოღვაწეობაც.

 

მკითხველი ნახავს როგორი იყო ჩვენი პატრიარქის ადრეული, სიყმაწვილის წლები, სწავლის პერიოდი სემინარიაში და როგორ ემზადებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. წიგნში არ არის გადმოცემული ვინმეს ემოციები ან სუბიექტური დამოკიდებულება პერსონის მიმართ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე დოკუმენტები მოგვითხრობენ პატრიარქის ცხოვრებაზე - ერთი დიდი ადამიანის ცხოვრებისა და ამასთან, საქართველოს იტორიის მნიშვნელოვანი ეტაპებია გაერთიანებული. რა გზაც გაიარა საქართველომ, პირდაპირპროპორციულადაა ასახული პატრიარქის წერილებში. ბოლო წლებში ქვეყნის არცერთ მნიშვნელოვან ეტაპზე არ ჩაუვლია ისე, რომ პარიარქის ცხოვრებაზე არ ასახულიყო.

მკითხველი პირველივე ფურცლებიდან იგრძნობს, რამდენად დიდი ტვირთი ზიდა ამ ადამიანმა თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, როდესაც ის ქართული ეკლესიის სათავეში იდგა. წერილებს მიყვები და ფილმის კადრებივით ცოცხლდება თვალწინ სპექტრი ქვეყანაში მიმდინარე კატაკლიზმების, გარდამტეხი პერიოდებისა და სირთულეების რაც თან სდევდა საქართველოს პატრიარქის მოღვაწეობისას.

- პატრიარქის მსგავსი წერილები პირველად საჯაროვდება?

- ეს არის საქართველოს საპატრიარქოში დაცული არქივი - შესაბამისად, მსგავსი მასალები არ ინახება ფართო მასებისთვის. შესაძლოა, ამ არქივიდან გარკვეული წერილები გამოქვეყნებულა, საახალწლო მიმართვები და სამუშაო მიმოწერა, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არამხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, რუსეთის აგრესიაზე, ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. წიგნში დოკუმენტებითაა გადმოცემული, რომ პატრიარქი ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. პირადად მეც წიგნზე მუშაობისას იმდენი დეტალი შევიტყვე პატრიარქის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, ადრე წარმოდგენაც არ მქონდა რომ ჩვენ ირგვლივ ამდენი საქმე კეთდებოდა. მაგალითად, ილია მეორემ ჯერ კიდევ 1986 წელს დაიწყო მიმოწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე იერუსალიმის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ლიდერებსა და პატრიარქს შორის წერილების გაგზავნა 4-5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

- საინტერესოა, თავად პატრიარქი თუ გაეცნო წიგნს და როგორია მისი დამოკიდებულება მისი ცხოვრების ამსახველი ოთხტომეულის მიმართ?

- წიგნზე საქართველოს საპატრიარქო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა, იდეის ავტორი კი საპატრიარქოს არქივის ხელმძრვანელი მზია კაცაძეა, თავადვე იყო ჩართული წიგნის შექმნაზეც. თავად ქალბატონი მზია ყვება, რომ როდესაც პატრიარქს წიგნის შექმნის შესახებ ამცნო, უწმინდესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა - შეეცადეთ, მაქსიმალურად გახსნილი იყოს ყველა დოკუმენტური მასალაო. შესაძლოა, ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პატრიარქს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მიუღია გადაწყვეტილება ან არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რომლის საზოგადოებისთვის გამხელის სურვილი არ აქვს.

კიდევ ერთი წერილი გამახსენდა, რომელმაც პირადად მეც შემაშფოთა - როდესაც ილია მეორეს კურთხევის საკითხი იდგა, ბათუმის ეპარქიის ხელმძღვანელი წერს ბრეჟნევს, რომ პატრიარქი დისიდენტი და არასაიმედო პიროვნებაა საბჭოთა კავშირისთვის, ამიტომ მისი კანდიდატურა უნდა მოიხსნას. "პალიტრა ლ"-ს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს, წიგნი პატრიარქზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა, მკითხველთა ფართო მასებამდე მიიტანოს.

რუსუდან შელია

myquiz