სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დონალდ ჯოჰანსონის ლექცია "ადამიანის ევოლუცია" გაიმართება | Allnews.Ge

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დონალდ ჯოჰანსონის ლექცია "ადამიანის ევოლუცია" გაიმართება

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დონალდ ჯოჰანსონის ლექცია "ადამიანის ევოლუცია" გაიმართება.

დონალდ კარლ ჯოჰანსონი ცნობილი ამერიკელი პალეოანთროპოლოგია. მან სახელი გაითქვა 1974 წელს ჰადარში, ეთიოპიაში ნამარხი ქალის - "ლუსის" აღმოჩენით.

1974-1981 წლებში კლივლენდის ბუნების ისტორიის მუზეუმში ფიზიკური ანთროპოლოგიის ფაკულტეტის კურატორი იყო. ლექციებს კითხულობდა კეის ვესტერნ რეზერვ (Case Western Reserve University) და კენტის სახელმწიფო (Kent State University) უნივერსიტეტებში. 1981 წელს კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში, დააარსა ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტი (IHO), რომელიც მოგვიანებით, 1997 წელს, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა. 2008 წლამდე იყო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, არის ადამიანის ევოლუციისა და სოციალური ცვლილებების სკოლის (School of Human Evolution and Social Change) პროფესორი.

დონალდ ჯოჰანსონი მრავალ ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას სამხრეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ყველაზე წარმატებული 1974 წელის ექსპედიცია აღმოჩნდა. მან ტომ გრეისთან ერთად, ჰადარში (ეთიოპია) აღმოაჩინა 3,2 მილიონი წლის წინანდელი Australopithecus afarensis-ის თითქმის მთლიანი ჩონჩხი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველაზე ადრეულ წინაპრადაა მიჩნეული. საინტერესოა, რატომ დაერქვა განამარხებული ქალის ჩონჩხს ლუსი: ამ აღმოჩენის შემდეგ ველიდან დაბრუნებულებს ბანაკში ბითლზის (The Beatles) ცნობილი სიმღერა Lucy in the sky with diamonds შემოესმათ და ანთროპოლოგებისა და არქეოლოგებისათვის საოცნებო 3,2 მილიონი წლის წინანდელ განამარხებულ ქალს დაერქვა ლუსი.

1975 წელს, ისევ ჰადარში გაითხარა პატარა ძეგლი, სადაც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის აღდგენა იქნა შესაძლებელი. მოგვიანებით ამ აღმოჩენას "პირველი ოჯახი" დაერქვა. 1986 წელს დონლად ჯოჰანსონმა ოლდუვაიში აღმოაჩინა 1,8 მილიონი წლის Homo habilis-ის ყბა და კიდურის ძვალი, რომელიც "ოლდუვაის ჰომინინი - 62" სახელითაა ცნობილი (OH62).

"დონალდ კარლ ჯოჰანსონი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია თავისი სამეცნიერო-პოპულარული წიგნებით, რომლებიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. 1982 წელს, ჯოჰანსონმა მიიღო ეროვნული ჯილდო სამეცნიერო წიგნისთვის "ლუსი -ადამიანის საწყისი". ეს არის ანთროპოლოგების სამაგიდო წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და ბევრი მეცნიერის შთაგონების წყაროდ იქცა - პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ პალეოანთროპოლოგიაში კარიერის გაგრძელება სწორედ "ლუსის" წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა. ლექციაზე დასწრება თავისუფალია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz