მთავრობამ "კულტურის სტრატეგია 2025" დაამტკიცა | Allnews.Ge

მთავრობამ "კულტურის სტრატეგია 2025" დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი "კულტურის სტრატეგია 2025" დაამტკიცა.

როგორც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

"მინდა მოგილოცოთ, გადაუჭარბებლად ისტორიული ფაქტი მოხდა, რადგან მთავრობამ პირველად დაამტკიცა გრძელვადიანი კულტურის სტრატეგია",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიის დოკუმენტის გარდა, დამტკიცდება 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

"კულტურის სტრატეგია 2025", გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი "სტარტაპების" განვითარების ხელშეწყობაზე.

კულტურის სტრატეგიის შემუშავება 2014 წლიდან, გზამკვლევის შემუშავებით დაიწყო.

კულტურის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს საზოგადოება გაუწევს.

myquiz