თბილისში ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იმართება | Allnews.Ge

თბილისში ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იმართება

თბილისში 25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, "დაუკარი მშვიდობისთვის" გაიმართება.

კულტურის პალატის ცნობით, თბილისში ქუჩის მუსიკის დღე "დაუკარი მშვიდობისთვის" ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული ფონდის, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კომპანია "ფრეგოს" და კულტურის პალატის მხარდაჭერით ტარდება.

კულტურის პალატის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ევროპის 18 ქვეყნის 100-მდე უცხოელი მუსიკოსი ეწვევა.

"დაუკარი მშვიდობისთვის" - ამ ლოზუნგით 400-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებელი დაუკრავს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: როკს, ჯაზს, ფოლკლორს, რეპს, ტექნოს. ფესტივალი აერთიანებს ყველა ადამიანს, ვინც საუბრობს მუსიკის ენაზე.

მათივე ცნობით, ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისს წინა კვირას ეწვივნენ. ისინი ქართველ მონაწილეებთან ერთად მუშაობენ, რათა მსმენელს ახალი, საინტერესო და სასიამოვნო კომპოზიციები წარუდგინონ.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში 8 იტალიელი მოხალისე ჩამოვიდა, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებში არიან ჩართულნი.

როგორც კულტურის პალატაში აცხადებენ, პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვა საქართველოში, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა, მშვიდობის კულტივირება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კულტურათაშორისი გაცვლა.

მათი განცხადებით, 25 ივნისს რუსთაველის გამზირი სტუმრებს 15:30 საათიდან 21.30 საათამდე უმასპინძლებს. სხვადასხვა მუსიკალურ წერტილებში (რუსთაველი ძეგლი, ოპერის მიმდებარე ტერიტორია) ერთდროულად ქართველი და უცხოელი მუსიკოსები გამოვლენ. 26 ივნისს 15.00-დან 22.00 საათამდე კი, ფესტივალი მთაწმინდის პარკში მოეწყობა.

პირველად ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. შემდეგ წლებში ამ ფესტივალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველ წელიწადს იმართება. საქართველო ფესტივალს 2012 წლიდან მასპინძლობს.

myquiz