ბოლივუდის პროდუსერები ბათუმში რომანტიკულ ტრილერს იღებენ | Allnews.Ge

ბოლივუდის პროდუსერები ბათუმში რომანტიკულ ტრილერს იღებენ

ბოლივუდის პროდუსერები რომანტიკულ ტრილერს ბათუმში იღებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბოლივუდის ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით, "გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ბოლივუდის წამყვანი პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს უკვე ერთი კვირაა იღებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

"65 დღის განმავლობაში ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები - აბას და მუსტან ბურმავალები რომანტიულ ტრილერს Machine ადგილობრივ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანია "ბეთერფლაისთან" ერთად მთლიანად საქართველოში გადაიღებენ. კინო ოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლივუდური გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი მსახიობები Mustafa Burmawala, KIara Ardvani, Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ, კინო წარმოების პროცესში ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასიური სცენებში 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ჩაერთვება.

"აღსანიშნავია, რომ პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, უკვე სამი განაცხადია შემოსული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე დაიხარჯება. ინდური ფილმის გადაღებების პარალელურად უკვე გადაწყვეტილია ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება და გადაღებების დაწყება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პროდიუსერებთან კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღების თაობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი "გადაიღე საქართველოში" დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

"მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს აწარმოებს, კერძოდ ე.წ. Road Show-ების მეშვეობით ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz