სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ | Allnews.Ge

სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

ბოლო წლებში ბევრი სერიალი იქცა გლობალურ ჰიტად, ზოგი დამსახურებულად, ზოგი არც ისე.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სატელევიზიო შოუებს, რომლებიც შედარებით ნაკლებ პოპულარულია ჩვენ რეგიონში, თუმცა, მათი გამოტოვება არაფრით არ შეიძლება.

The Night Manager

BBC One-ის ახალი მინისერიალი სახელწოდებით ”ღამის მენეჯერი/ადმინისტრატორი”, ჯაშუშური ჟანრის ლიტერატურის ცოცხალი ლეგენდის, ბრიტანელი მწერლის ჯონ ლე კარის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება.

პრინციპში "ღამის მენეჯერს" ექვს საათიანი ფილმი რომ ვუწუდოთ უფრო ადეკვატური იქნებოდა, რადგან 6 სერიის მანძილზე, სიუჟეტში არ არსებობს წყვეტა და ყველაფერი ერთ მთლიანობად აღიქმება.

ამ მოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბება ოსკაროსანმა დანიელმა რეჟისორმა, სიუზენ ბიერმა მოახერხა. 

მინისერიალში დაძაბულობა ყოველ წუთს მატულობს და არ ქრება. რაც შეეხება მთავარი პერსონაჟს, იგი ისეა კონსტრუიერებული, რომ მის მიმართ სიმპათიის არ გაჩენა ურთულესი საქმეა.

ჯონათან პაინი ყოფილი სამხედროა, რომელსაც უკვე მოხდილი აქვს ვალი სამშობლოსა და საზოგადოების წინაშე და სურს წარსული გამოცდილებებისგან მოშორებით მშვიდად იცხოვროს.

პაინი კაიროში არსებულ ძვირფასს სასტუმროში ღამის მენეჯერად მუშაობს, სიუჟეტი არაბული გაზაფხულის პერიოდში ვითარდება.

ის როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, გასაჭირში ჩავარდნილ ქალს დახმარებაზე უარს ვერ ეტყვის. სწორედ აქედან იწყება მთელი დავიდარაბაც.

 

Utopia

პირველი რაც უტოპიას ნახვისას თვალში მოგხვდებათ, ეს დეკორაციები, ე.წ. არტ პროდაქშენია.

ირგვლივ ყველაფერი ძალიან ლამაზია, მკვეთრი და კაშკაშა ფერები, როგორც 60-იანი წლების ტექნიკოლორის ფილმებში.

ვიზუალური ეფექტები, მიხედავად, დაბალი ბიუჯეტისა, ბრიტანული სატელევიზიო სივრცისთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.

მუსიკა Aphex Twin მსგავსი მელოდიებითაა გაჯერებული, ისტორია კი გრაფიკული ნოველებისა და საუკეთესო კომიქსების სტილშია მოწოდებული.

მიხედავად იმისა, რომ ეკრანზე მყოფი არცერთი ადამიანის სახელი თქვენ არ გეცოდინებათ და შეიძლება არცერთი მათგანი არ გეცნოთ, "უტოპია" ბრწყინვალე ნიმუშია შეკრული, დაბალანსებული, ქასთის, რომლის წევრებსაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიჭერთ სიყალბეში.

რაც შეეხება პერსონაჟებს ისინი მრავალფეროვანი და ღრმა ადამიანები არიან. ზოგი მათგანი ნილ გეიმანის პროზისთვის დამახასიათებელ გმირებს მოგაგონებთ, ერთბაშად შემზარავსა და ქაოტურს, მაგრამ ძალიან საინტერესოს.

სერიალის სიუჟეტი მოგაგონებთ როგორც გეიმანის შემოქმედებას, ისე ალან მურის გრაფიკულ ნოველებს.

საერთოდ გრაფიკული ნოველების კულტურიდან აქ ძალიან ბევრი რამაა ნასესხები, დაწყებული ვიზუალური სტილისტიკით, დამთავრებული თხრობის მანერით.

თხრობის მთავარი ხაზიც მისტიკურ გრაფიკულ ნოველას უკავშირდება, რომელსაც ინტერნეტში გაცნობილი ადამიანების ჯგუფი გადააწყდება.

ამის შემდეგ კი მათზე ნადირობას ბოროტი ორგანიზაცია სახელად "ქსელი" დაიწყებს.

 

Ray Donovan

"რეი დონოვანი" "შოუთაიმის" სერიალია, რომელიც მასკულინური კულტურისთვის მიმზიდველ ყველა მაჩვენებელს აკმაყოფილებს.

მთავარი გმირი რეი ირლანდიელი ამერიკელია, შესაბამისად მისი ტემპერამენტი ფიცხი და უკონტროლოა, პლუს ის ბოსტონშია გაზრდილი, რაც კრიმინალურ ბანდებში პატარა ასაკიდან ყოფნის გამოცდილებას მატებს.

ახლა იგი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და პრესტიჟული იურიდიული ფირმის "ფიქსერია".

თუ დაგაბნიათ სიტყვა ფიქსერმა აგიხსნით. ფიქსერის მოვალეობაა დროზე დააბრუნებინოს მსესხებლებს ვალი, უზრუნველყოს განქორწინებისთვის საჭირო ფაქტობრივი მასალის არსებობა.

ერთი სიტყვით, მოაგვაროს პრობლემები ისე, რომ მართლმსაჯულება ამ ყველაფრის საქმის კურსში არ იყოს.

ამგვარად, რეი დონოვანი თან კრიმინალია, თან კრიმინალის აღკვეთისთვის მუშაობს.

თუმცა, როდესაც ერთი ადამიანი სხვების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული, საკუთარი პრობლემებისთვის დრო აღარ რჩება.

ამიტომ, მთავარი ცხელი წერტილი არა რეის სამსახური, არამედ საშინაო საქმეებია.

მუდმივი კონფლიქტი ცოლთან, არეული ურთიერთობა შვილებთან და ამ ყველაფერს ციხიდან ახლახანს გამოსული მამა ემატება, რომელიც ყველა გადადგმული ნაბიჯით ჩვენი მთავარი გმირის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

შოუს შემქმნელებმა გამოთვალეს საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მაყურებლის ინტერესის სფეროები და იდეალურად დაბალანსებული ინგერდიენტებით მკაცრად პატრიარქალური, მაგრამ საკმაოდ ჩამთრევი და გასართობი შოუ შექმნეს.

სადაც უხვადაა კრიმინალური გარჩევები, ამერიკული ოცნებების ხორცშესხმა, ძვირადღირებული მანქანები, ფეშენებელური სახლები, ძვირფასი აქსესუარები და დიზაინერული ტანსაცმელი.

მოკრივეები, პოლიციელები, შოუ-ბიზნესში მოღვაწე განგსტერები, ერთი სიტყვით ყველაფერი, რის გამოც სამომხმარებლო საზოგადოების წარმომადგენლებს კალიფორნიაში ცხოვრება უნდებათ.

 

Bridge

სკანდინავიაში უკვე მეხუთე წელია ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავბრუდამხვევი და საინტერესო გამოძიება მიმდინარეობს.

ეს არის ნახევრად შვედური, ნახევრად დანიური შოუ სახელწოდებით "ხიდი".

"ხიდი" 2011 წელს დაიწყო და მალევე იქცა გლობალურ ფენომენად.

2013 წელს სატელევიზიო სივრცეში უკვე ორი რიმეიქი ჩაეშვა.

ამავე სახელწოდების ამერიკული რიმეიქი, სადაც დანია-შვედეთის ნაცვლად მოქმედება ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ვითარდება და "გვირაბი", სადაც ლოკაცია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საზღვარზეა გადატანილი.

ბაზარზე მსგავსი ინტერესი და მოთხოვნა პირველ რიგში, ორიგინალი პროდუქტის საოცრად ჩამთრევმა სიუჟეტმა, მნიშვნელოვანმა თემებმა და უკომპრომისო ნარატივმა გამოიწვია.

"ხიდი" თავის თავში აერთიანებს ყველა იმ სეგმენტს, რაც მაყურებელს კრიმინალური თემატიკის გასართობ მედიაში უყვარს: ეს გახლავთ ექსცენტრიული გამომძიებლები, შავი იუმორი, ამოუცნობი მკვლელობები და სცენარი, რომელიც პირველივე სერიიდან ძლიერმოქმედი ნარკოტიკივით მოიტანს შეგრძნებების კორიანტელს.

 

Outlander

შოუს ჟანრული იდენტიფიკაცია რომ გახდეს საჭირო, ნებისმიერი დეტექტორი მწყობრიდან გამოვა.

ერთდროულად ეს არის რომანტიკა, მაგიური ფენტეზი, ისტორიული ეპოსი, გოთიკური ჰორორი, ჯადოსნური სათავგადასავლო ნაწარმოები, მოკლედ, ის საკუთარ თავში ძალიან ბევრ რამეს აერთიანებს და ამას აკეთებს ისე, რომ ყველა ჟანრობრივ განშტოებას თავისი წილი შეხვდეს.

სწორედ ამის გამო, ძალიან რთულია "აუთლენდერის" არ მოწონება.

შოტლანდიის ლანდშაფტების ბუნებრივ სილამაზეს ემატება დეკორატორებისა და მხატვრების მიერ გაწეული ფეერიული სამუშაო, რაც შედეგად ულამაზესი ინტერიერისა და ექსტერიერის სცენებს გვაძლევს.

ამასთან, მსახიობები მაქსიმალურად ორგანულ პერფორმანსებს ქმნიან და მეთვრამეტე საუკუნის შოტლანდია, დოკუმენტური ჩანახატივით ცოცხლდება.

"აუთლენდერში" ყოველი სცენა დატვირთულია სხვადასხვა მნიშვნელობით. ამიტომ, სურათს რომელი კუთხიდანაც შეხედავთ, აღმოაჩენთ, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს მაყურებლისთვის სათქმელი.

ცოტა რომ დავკონკრეტდეთ, "აუთლენდერი" ყველაზე დიდ ემპათიასა და ლოიალობას ქალის პერსპექტივიდან იჩენს.

შოუს მთავარი პერსონაჟი კლერია. ქალი, რომელიც 1945 წლიდან წარსულში, 1743 წელში მოხვდება, სადაც ქალის სტატუსი რადიკალურად განსხვავებულია იმ რეალობისგან, სადაც მას მოუწია ცხოვრება.

ცოდნა კლერს, ძალაუფლებას მატებს და მამაკაცებს მისდამი შიშს უნერგავს.

მნიშვნელოვანი სოციალური კომენტარების გარდა, შემქმნელები სერიალის ირგვლივ ძალიან სასაცილო იუმორისტულ მედიუმსაც აგებენ.

ბაჩო ოდიშარია

myquiz