"პუტინმა უბრალოდ საზოგადოების სურვილების აკუმულირება მოახდინა" - ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩის ინტერვიუ Deutche Welle-სთან | Allnews.Ge

"პუტინმა უბრალოდ საზოგადოების სურვილების აკუმულირება მოახდინა" - ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩის ინტერვიუ Deutche Welle-სთან

ნობელის ლაურეატმა ლიტერატურაში, ცნობილმა ბელორუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა გერმნულ გამოცემა Deutche Welle-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მწერალი რუსეთში არსებულ მდგომარეობაზე, რუსულ მენტალობასა და პუტინის მმართველობაზე ყვება.

- ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადეთ, რომ ცივი ომი ისევ დაიწყო. თქვენ მას განსაკუთრებულად გრძნობთ, როგორც ადამიანი, რომელიც ომზე ბევრს წერს?

არა, ამას ვგრძნობ როგორც ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის შიგნით ცხოვრობს, რადგან ბელორუსი, როგორც არც ერთი სხვა სახელმწიფო, მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან.

ჩემი მოსაზრებით, ბელორუსი არის ერთადერთი დარჩენილი კორიდორი ევროპაში და ერთადერთი სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ ღია რუსული გავლენის ქვეშაა. ის, რაც რუსეთში ხდება, ჩვენთანაც ისმის. სიძულვილი, რომელიც გაძარცვულ, მოტყუებულ ადამიანებში გროვდება, გასასვლელს ეძებს. სიძულვილის ეს პროცესები საკმაოდ პროფესიონალურად გარე მტრის წინააღმდეგ მიმართეს, მოხდა ცნობიერების მილიტარიზაცია.

- ანუ სიძულვილი მიმართულია გამოგონილი გარე მტრის წინააღმდეგ?

რა თქმა უნდა. ეს არის ენერგიის გარეთ გაყვანის ფორმა, პუტინს ამ შემთხვევაში ახალი არაფერი გამოუგონებია, ეს პოლიტიკური კლასიკაა.

- თქვენ ახსენეთ რუსეთის პრეზიდენტის სახელი. ბევრს საუბრობენ პუტინის ავტოკრატიაზე, მაგრამ ავტოკრატია ვაკუუმში არ არსებობს - პუტინის რეიტინგი მართლაც ძალიან მაღალია..

ერთ-ერთ სტატიაში "კოლექტიური პუტინი" ვწერდი, რომ საქმე პუტინში არ არის. პუტინმა უბრალოდ საზოგადოების სურვილების აკუმულირება მოახდინა, საზოგადოების, რომელიც მართლაც რომ გრძნობდა თავს დამცირებულად, გაძარცვულად, მოტყუებულად.

ჩვენ, ვინც "პერესტროიკას" ვქმნიდით, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდით: "რატომ დუმს ხალხი?" როდესაც რუსეთში ვიმოგზაურე, პერიფერიაში ვიყავი, მივხვდი რატომ დუმს რუსი ხალხი - ვერ გაიაზრა რა მოხდა, ის ამას არ ელოდა. "პერესტროიკა" ინტელიგენციის ნაწილმა, გორბაჩოვის მეთაურობით დიდ ქალაქებში ჩაატარა. დანარჩენები კი პროსტრაციაში იყვნენ, მათ არანაირი კაპიტალიზმი არ სურდათ. ალბათ, ეს რუსულ მენტალობას არ შეესაბამებოდა. ამიტომ, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ გარშემო მტრები არიან, ჩვენ კი ძლიერი უნდა ვიყოთ და ჩვენ პატივს უნდა გვცემდნენ, - ამ ადამიანებისთვის ყველაფერი გასაგები გახდა. მათ უკვე იციან, როგორ იცხოვრონ. ისინი ერთ ძლიერ, სახალხო სხეულად შეიკვრნენ.

- ნობელის ლექციაში თქვენ ისაუბრეთ ორ კატასტროფაზე: სოციალურზე, რომელიც საბჭოური იმპერიის კრახს უკავშირდება და კოსმიურზე, რომელსაც თქვენ ჩერნობილის ტრაგედიას უწოდებთ. წელს ჩერნობილის კატასტროფას 30 წელი უსრულდება. რას ნიშნავს თქვენთვის ჩერნობილი დღეს?

ყველა ჩემი მეგობარი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გარდაიცვალა, გარდაიცვალა კიბოთი. არ გადის თითქმის არც ერთი დღე, ნაცნობებმა არ შემატყობინონ, რომ ვიღაც ავად გახდა, ვიღაც გარდაიცვალა. ბევრმა მეცნიერმა ეს ჯერ კიდევ დასაწყისში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან პირველ თვეებში იწინასწარმეტყველა.

ისინი ამბობდნენ, როცა სწრაფი სიკვდილი წავა, დაიწყება რეაქცია რადიაციის მცირე დოზებზე, რომლებსაც მივირთმევთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ. ეს ახლა ხდება. ხელისუფლება ისურვებდა ამაზე თვალის დახუჭვას. საკუთარი თავისთვის ცალკე მეურნეობა შექმნეს. ლუკაშენკო სუფთა პროდუქტებით იკვებება, დანარჩენები კი იმით, რაც მაღაზიებში იყიდება. ამიტომ, ვერ ვიტყვით რომ ჩვენ ჩერნობილის შემდგომ ვცხოვრობთ. ჩვენ ჩერნობილში ვცხოვრობთ და ამას ვადა არ ამოეწურება.

- თქვენ ცდილობთ იცხოვროთ და წეროთ ბელორუსში, სადაც ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, დიდად არ მოსწონხართ. თქვენზე არ საუბრობენ, მკითხველთან შეხვედრის უფლებას არ გაძლევენ. რატომ ცხოვრობთ იქ?

ბელორუსში დავბერუნდი საზღვარგარეთ 12-წლიანი ცხოვრების შემდეგ. მე ვარ მწერალი, რომელსაც სურს და უნდა იცხოვროს სახლში. ჩემ რომანებს ვქსოვ ჩემ გარშემო არსებული სიცოცხლის ჰაერისგან, იქიდან, რაც მესმის ადამიანებთან საუბრისას, ქუჩაში, ტაქსში, ბაზარში. ამიტომ, პირადი მიზეზების გარდა (შვილიშვილი მეზრდება და მინდა მასთან ახლოს ვიყო), არის პროფესიონალურიც.

დავბრუნდი, რომ სახლში ვიცხოვრო. დავბრუნდი დაახლოებით ნახევარი წლით ადრე, სანამ პუტინი გარდაიქმნებოდა, სანამ ყველა ნიღაბს ჩამოიხსნიდა, სანამ დღევანდელი რუსეთის პროგრამა ღია და ნათელი გახდებოდა.

მერე მივხვდით, რომ ამას 20 წელი ამზადებდნენ. ჩვენ გულუბრყვილო რომანტიკოსები ვიყავით, გვეგონა დემოკრატია მარტივად მოვა, შემოვა ჩვენს სახლებში მარტო იმის გამო, რომ ქუჩაში "თავისუფლების" შეძახილებით გამოვედით...

- თქვენი ოჯახი, ახლობლები თუ იზიარებენ თქვენს მოსაზრებას იმაში, რაც დემოკრატიას ეხება?

არა მგონია, ჩემი მშობლები ამ მოსაზრებებს არ იზიარებდნენ. მამა კომუნისტი იყო, პარტიულ ბილეთს ვერაფრით დაემშვიდობა. ეს მარტივი ასახსნელია. ხალხი ბანაკში ცხოვრობდა (მას სოციალისტურ ბანაკს უწოდებდნენ), ამიტომ ადამიანი ბანაკის გარეთ თუ გაუშვი, ის თავისუფალი ვერ იქნება. ასე არ ხდება. ყველა ეძებს ცხოვრების ინერციაში გამართლებას, ნიშას, ღირსების შენარჩუნების საშუალებას. ეს ადამიანის ბუნებაშია. მოედანზე ძალიან ცოტა ადამიანი გამოდის. მაგალითად, ბელორუსმა ხალხმა ნახა უკრაინული მაიდანი, სისხლი, ცეცხლმოკიდებული საბურავები და რა თქმა უნდა, შეშინდა. ყველას უნდა თავისუფლება, მაგრამ მას ზეციდან ელოდებიან. ესე არ ხდება.

- ახლა რაზე მუშაობთ?

ძალიან დავიღალე და არა მგონია, ომში წასვლა და ომზე წერა კიდევ შევძლო. ამ სიგიჟის ყურება აღარ შემიძლია. ტკივილის მარაგი ამოვწურე და ვერ ვხვდები, რა უფლებით კვლავს ერთი ადამიანი მეორეს. ეს ბარბაროსობაა.

ჩემი მოსაზრებით, XXI საუკუნეში იდეებით უნდა ვიბრძოლოთ. ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ კი ვკლავთ.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ XX საუკუნეში ჩავრჩით. კალენდარულად ის გავიდა, მაგრამ მენტალურად არა. ჩვენ ჯერ კიდევ XX საუკუნის ადამიანები ვართ და ჯერჯერობით არ შევცვლილვართ.

მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სოციალური ან იდეური არსება. ის მეტია. რის გარშემო ბრუნავს სიცოცხლე? სიყვარულისა და სიკვდილის გარშემო. ახლა ორ წიგნს ვწერ, ორ წიგნზე ვფიქრობ. ერთი სიყვარულზეა, მეორე კი სიბერეზე.

myquiz