90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში | Allnews.Ge

90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში

90-იან წლებში ფილმების ყურება ცალკე რიტუალს წარმოადგენდა. "პრაკატიდან" ვიდეოკასეტების გამოტანა, "გალოვკის" გაწმენდა, "ბაევიკები", უშუქობის გამო ერთი ფილმის სამი დღის განმავლობაში ნახვა და ა.შ. რამდენიმე ამერიკული სურათი განსაკუთრებული საკულტო სტატუსით სარგებლობდა საქართველოში, ქვევით შეხვდებით 90-იანების დეკადაში გადაღებულ ჰოლივუდის ფილმებს, რომლებიც ქართველ მაყურებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და დღემდე სარგებლობენ.

უნივერსალური ჯარისკაცი

ამ დროს ჟან კლოდ ვან დამი ჯერ კიდევ ექშენის საერთაშორისო ვარსკვლავი იყო, დოლფ ლუნდგრენი კი ბლოკბასტერებში თავის დამკვიდრებას ცდილობდა.

საბოლოოდ, ერთის ვარსკვლავიც ჩაქრა და მეორეს გეგმებიც ჩაიფუშა, მაგრამ შემოგვრჩა ძალიან მხიარული გასართობი, რომელიც ცდილობდა იმჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის კრიტიკას და მნიშვნელოვანი სოციალური მესიჯის გაკეთებას, მაგრამ იმდენად აბსურდული სიუჟეტი ჰქონდა, რომ სერიოზულად აღქმა შეუძლებელი იყო.

სამაგიეროდ, ძალის მოსამატებელი ვაქცინები, ყინულით "დატენილი" პერსონაჟები და მშვენიერი ხელჩართული ბრძოლები ფილმს კარგ გასართობ ატრაქციონად აქცევს.

Total recall

ამ ფილმს ნამდვილი სათაურით საქართველოში არავინ იცნობს, აქ ის ცნობილია, როგორც "შვარცენეგერი მარსზე".

პოლ ვერჰოვენის ბრწყინვალე სამეცნიერო ფანტასტიკა სავსეა ძალადობით, სისხლით, უცნაური არსებებით და ძალიან სასაცილო იუმორით, რომელიც მძიმე ატმოსფეროს იდეალურად აბალანსებს. და კიდევ, აქ არის საკულტო ქალი, რომელსაც სამი მკერდი აქვს.

მარტო სახლში

მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც "მარტო სახლში" არ აქვს ნანახი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სეზონს ნახავ, მისი ხილვა ყოველთვის ნოსტალგიური, სასიამოვნო და ძალიან სასაცილოა.

კევინ მაკალისტერი 90-იანებს მოსწრებული ყველა ქართველისთვის განაკუთრებულად საყვარელი ბავშვია, ძმაკაცი, შვილი, მეზობელი, მოკლედ ახლო პირი, რომელთან ერთადაც დროის გატარება ყოველთვის სახალისო და ამაღელვებელია.

ხომ გახსოვთ ის სცენა, მეორე სერიაში მარვს რომ თავში აგურები ხვდება? ყოველ ჯერზე ზუსტად ისეთივე სასაცილოა, როგორც პირველი ნახვისას იყო. ასევეა სხვა პოზიტიური შეგრძნებები, რომელსაც ფილმი უხვად იწვევს.

ნიღაბი

ფილმი რომლითაც ჯიმ ქერის კულტივიზაცია მოხდა და მგონი პირველი ფანტასტიკური კომედია/კომიქსის ადაპტაცია, რომელმაც საქართველოში ერთპიროვნული პოპულარობა მოიპოვა.

"მასკა", როგორც ყოველი ჩვენგანი მოიხსენიებს მას, იდეალური გასართობი ფილმია.

უსაყვარლესი ძაღლი მაილო, ულამაზესი კამერონ დიასი და მუდამ მხიარული ჯიმ ქერი ზებუნებრივი შესაძლებლობებით ყველას ვიდეოკასეტაზე გვქონდა.

ტიტანიკი

ლეონრდო დიკაპრიოს "ნაკლეიკები" რვეულებზე აბსოლუტურად ყველა გოგოს ეკრა. თუ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც ამ ტრადიციას არღვევდა, ეჭვი უნდა გაგჩენოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

მახსოვს, როდესაც პირველად "ტიტანიკი" ტელევიზორში ქართულად დუბლირებული გაუშვეს, მეორე დღეს სკოლაში ყველანი გამოუძინებლები ვიყავით, რადგან აბსოლუტურად ყველამ გვიან დავიძინეთ.

მოკლედ, ეს ის ფილმია, რომლის სასიყვარულო ისტორიასაც დღემდე განიცდის ხალხი.

მეხუთე ელემენტი

მახსოვს, რატომღაც საახალწლო სატელევიზიო პროგრამაში სულ უშვებდნენ "მეხუთე ელემენტს". მიკვირდა, რა შუაშია-თქო, მაგრამ ძალიან მიხაროდა კორბენ დალასის კოსმოსური თავგადასავლის ოცდამეშვიდედ ყურება.

მფრინავი მანქანები, ჟან ბაპტისტ ემანუელ ზორგი, რომელსაც ვერავინ ვერ ხვდებოდა, რატომ მოსდიოდა შუბლიდან შავი სითხე ტელეფონზე საუბრისას, მულტიპასპორტი და შავკანიანი პრეზიდენტი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე, რომ ერთეულები თუ იტყოდნენ, მასზე სანახაობრივი ფილმი არსებობსო.

საქართველოში სწორედ "მეხუთე ელემენტიდან" წამოვიდა ბრუს უილისის მეგაპოპულარობა და არა "კერკეტი კაკლიდან", როგორც ეს მოხდა ამერიკაში.

მამაცი გული

თუ საქართველოში ვინმეს მელ გიბსონი უყვარს, უყვარს უილიამ უოლესის გამო.

დრამატული, რომატიკული, ექშენით სავსე ბატალიები თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მაშინ განსაკუთრებულად ახლოს იყო ქართველი მაყურებლის ინტერესებთან.

ერთ-ერთ ქართულ არხზე ლამის ყოველ ორ კვირაში ერთხელ უშვებდნენ ხოლმე და გიგანტური ქრონომეტრაჟის მიუხედავად, არ შევსწრებივარ ისეთ შემთხვევას, რომ ვინმეს სხვა არხზე გადაერთო.

ბაჩო ოდიშარია

myquiz