საქართველოს 12 დასახლებაში მოსახლეები მიწის რეგისტრაციას უფასოდ შეძლებენ | Allnews.Ge

საქართველოს 12 დასახლებაში მოსახლეები მიწის რეგისტრაციას უფასოდ შეძლებენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას იწყებს.

რეესტრის ცნობით, სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

მთავრობის დადგენილებით, საპილოტო პროექტისთვის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, 12 დასახლება შეირჩა. ესენია : მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, მზისგული, შუახევი. ამ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეები საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ.

დაბა მანგლისი პირველია იმ თორმეტი დასახლებიდან, საიდანაც სისტემური რეგისტრაციების სამუშაოების განხორციელება დაიწყება.

როგორც რეესტრში აღნიშნავენ, მიწის რეგისტრაციის მეორე ეტაპის ფარგლებში მოქალაქეებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

საპილოტო პროექტის განხორციელების შედეგად, მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგია შემუშავდება, რომელიც სახელმწიფოს სასოფლო-სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებასა და სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება.

"ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ახორციელებს. იხილეთ გაგრძელება

myquiz