საწვავის გაიაფებაზე კომპანიები თვალს ხუჭავენ | Allnews.Ge

საწვავის გაიაფებაზე კომპანიები თვალს ხუჭავენ

საწვავის ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ფასებისადმი არაადეკვატურია.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბაზრებზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია, დიდი ხანია, გრძელდება და ლარიც შესაშურად სტაბილურია, საქართველოში ნავთობპროდუქტები, პრაქტიკულად, არ გაიაფებულა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბრენდირებულ სადგურებში 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 2 ლარად იყიდება მაშინ, როცა მისი საბითუმო ღირებულება 1,60 ლარია. გამოდის, რომ მოგების მარჟამ უკვე 40 თეთრს მიაღწია.

საწვავი გაიაფდა საბითუმო ბაზარზე, რასაც მალევე მოჰყვა რეაქცია არაბრენდირებულ კომპანიებშიც (უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ისინიც ფეხს ითრევენ გაიაფებისგან). წინა თვის ანალოგიურ მაშვენებელთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის საბიუთმო ფასი 10 თეთრით არის შემცირებული. დაახლოებით 5-თეთრიანი კლებაა არაბრენდირებულ კომპანიებშიც, რასაც მსხვილ კომპანიებზე ვერ ვიტყვით. გუშინ ბენზინის ღირებულება 5 თეთრით მხოლოდ "ლუკოილმა" შეამცირა. სხვები, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

ბოლო მონაცემებით, საბიუთმო ბაზარზე 1 ლ დიზელი 1,50 ლარად იყიდება, ხოლო იმავე რაოდენობის ბენზინის ფასი 1,60 ლარს შეადგენს. რაც შეეხება "პლატცის" ფასს, 1 ტონა დიზელის ღირებულება 411 დოლარია, ხოლო 1 ტონა ბენზინი 466 დოლარი ღირს.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ საცალო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ საამისო სურვილი კომპანიებს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აქვთ.

"საბითუმო ბაზარზე საერთაშორისო ბაზრის ცვლილება მყისიერად აისახება. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ საბითუმო ფასი აბსოლუტურად თანხვედრილია საერთაშორისო ტენდენციასთან. სხვა საკითხია, საცალო ბაზარზე ეს როგორ აისახება. რატომ არ მცირდება ფასი ბრენდირებულ ქსელებში? ეს ალბათ კომპანიების პოზიციაა. საბითუმო ფასი გამომდინარეობს საქონლის თვითღირებულებიდან, რაც დაახლოებით 3-4 თეთრით იაფია.

ბოლო ორ თვეში საბითუმო ფასი ზუსტად 10 თეთრით არის შემცირებული. თუ დარჩა იგივე ნიშნულზე ფასი ან შემცირდა უცხოურ ბაზრებზე, კლება საცალო ბაზარზეც უნდა მოხდეს. არაბრენდირებული კომპანიები გაცილებით სწრაფად რეაგირებენ, ვიდრე ეს ბრენდირებულ კომპანიებში ხდება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ისინიც მიიღებენ ზომებს და საფასო პოლიტიკას გადახედავენ. თუკი საერთაშორისო ბირჟებზე ფასი შენარჩუნდა ან კიდევ შემცირდა, საწვავი ბრენდირებულმა კომპანიებმაც უნდა გააიაფონ", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საცალო ქსელში საწვავის გაყიდვა, მინიმუმ, 30 თეთრით ნაკლებ ფასშია შესაძლებელი. ისინი მოუწოდებენ მომხმარებლებს, გამოხატონ პროტესტი და ისარგებლონ არაბრენდირებული კომპანიების მომსახურებით.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია მიიჩნევს, რომ მსხვილი იმპორტიორები მომხმარებლებს თვალს უბამენ,

რადგან საბაზრო კანონების შესაბამისად არ მოქმედებენ.

"საქართველოში შემცირებული საბითუმო ფასის მიუხედავად, კომპანიები, განსაკუთრებით ბრენდირებულები, საწვავს ძვირად ყიდიან. რეალურად, შესაძლებელია, რომ 30 თეთრით ნაკლები ფასიც დაადონ. ამ ქმედებისთვის კომპანიები დაჯარიმდნენ, მაგრამ იმავეს იმეორებენ. 100-ზე მეტი კომპანიაა დღეს საქართველოში, რომელიც საწვავის რეალიზაციას ახდენს, 50-მდე იმპორტიორია.

მიმაჩნია, რომ მომხმარებელმა უნდა გამოხატოს პროტესტი და შეიძინონ საწვავი იქ, სადაც შედარებით იაფი ღირს. მსხვილი კომპანიები ფასს მხოლოდ ამის შემდეგ შეამცირებენ. საწვავის გაყიდვა, რეალურად, 30 თეთრით ნაკლებ ფასადაც შესაძლებელია. კომპანიებს ვერ მოვთხოვთ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედონ, მაგრამ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს პროტესტის განცდა და თავად გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მეტის გადახდა, როცა სულ რამდენიმე ნაბიჯზე საწვავის გაცილებით ნაკლებად ყიდვაა შესაძლებელი", - აცხადებს ბექა კემულარია.

ანალიტიკოსის პათოსს არ იზიარებენ კომპანია "ფრეგოში", სადაც განმარტავენ, რომ საერთაშორისო ტენდენციისთვის გვერდი არ აუვლიათ და ნავთობპროდუქტებს მისაღებ ფასად აწვდიან მყიდველს. "ფრეგოს" გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ საწვავს კომპანიები ზემოგებით ყიდიან.

"მაქსიმალურად დაბალი ფასი გვაქვს. ვცდილობთ, ნავთობპროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის. ბაზარზე "პრემიუმს", მაგალითად, 15 თეთრით ნაკლებად ვყიდით იმასთან შედარებით, ვიდრე ბევრ სხვა ქსელში. ბოლოს საწვავი 10 თეთრით გავაიაფეთ. ეს პროცესი გაგრძელდება სისტემატურად, რა შესაძლებლობასაც საერთაშორისო ფასი მოგვცემს. დღეს ნამდვილად შეუძლებელია, რომ 30-40 თეთრით გაიაფდეს საწვავი, პროდუქტის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასი გამოვა, რაც წარმოუდგენელია", - აცხადებს რამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. ინვესტორების ყურადღების ცენტრში მსოფლიოში რეზერვების ზრდის ტენდენციაა, რაც ძირს უთხრის ოპეკისა და სხვა მწარმოებლების ფასების მხარდაჭერის მცდელობას.

უკანასკნელი ვაჭრობის შედეგებით, 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობი 45 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო "ლაითის" ტიპის ნედლი ნავთობი 42,50 დოლარად იყიდება.

ოპეკის შეთანხმების მიხედვით რომელიც ნავთობის ფასის ზრდას და ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, დღიური წარმოება 2018 წლის მარტამდე 1,8 მლნ ბარელით შემცირდება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz