ეროვნული ბანკი საქონლის ან მომსახურების ფასის მითითების შესახებ განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

ეროვნული ბანკი საქონლის ან მომსახურების ფასის მითითების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი მეწარმეებს შეახსენებს, რომ 2017 წლის 1-ელი ივლისიდან საქონლის ან მომსახურების ფასი მხოლოდ ლარით უნდა იყოს გამოხატული, - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

"ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მათი დაცულობისა და ფასის გამჭვირვალობისათვის, მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება.

myquiz