მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაჯარიმდებიან | Allnews.Ge

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაჯარიმდებიან

ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შემუშავებული ახალი რეგულაციების დარღვევისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულადი სანქცირების წესი დაამტკიცა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 24 მაისის ბრძანებაშია აღნიშნული, მიკროსაფინანსოები სხვადასხვა დარღვევაზე 1 000-დან 5 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

კერძოდ, ბრძანების თანახმად, მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2 ათასი ლარით; საფინანსო პროდუქტის შეთავაზება-რეკლამირებისას მცდარი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში თითოეულ ასეთ საფინანსო პროდუქტზე - 3 ათასი ლარით; მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ასევე თითოეულ ისეთ დოკუმენტზე, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი "მომხმარებელთა უფლებების წესის" მოთხოვნების დარღვევით იქნება გაფორმებული, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" თანახმად, ფინანსურმა ორგანიზაციამ მის მიერ გაცემული კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში გარდა ნარჩენი ძირის დაფარვისა, მომხმარებელს, საკომისიო და/ან პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით უნდა დააკისროს: ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, არაუმეტეს 1%-ისა; ხოლო თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, არაუმეტეს 2%-ისა. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებელს საკომისიოს ან პირგასამტეხლოს ამ წესის დარღვევით დააკისრებს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. იხილეთ გაგრძელება

myquiz