საქართველოში უმუშევრობის დონემ 13 წლიან მინიმუმს მიაღწია | Allnews.Ge

საქართველოში უმუშევრობის დონემ 13 წლიან მინიმუმს მიაღწია

2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

"2016 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 0.2 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით", - წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ირკვევა, ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი და აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა.

"უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2016 წელს 2015 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით", - წერია საქსტატის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლისა რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში შესაბამისად 2.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ა.რ.-ში, შესაბამისად 2.5 და 2.1 პროცენტული პუნქტით.

myquiz