1 ივლისიდან უძრავი ქონების საფასურის მხოლოდ დოლარში მითითება აიკრძალება | Allnews.Ge

1 ივლისიდან უძრავი ქონების საფასურის მხოლოდ დოლარში მითითება აიკრძალება

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება სავალდებულო იქნება.

"აფბას" ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, კანონი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე გავრცელდება. მისი განმარტებით, რეგულაცია ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს და უძრავი ქონების რეალიზატორს ფასის როგორც ევროში, ისე დოლარში მითითების უფლება ექნება იმ პირობით, რომ ღირებულების შესახებ ინფორმაცია ლარშიც იქნება აღნიშნული.

"იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების საფასური მითითებულია ლარში და რეალიზატორს სურს, ანგარიშსწორება დოლარში მოხდეს, მას შეუძლია მყიდველს შეუთანხმდეს," - განმარტა ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ რეგულაცია უძრავი ქონების ფასებზე ზეგავლენას არ მოახდენს, რადგან ის უფრო მეტ კონკრეტიკას ისახავს მიზნად და არა ბაზარზე ცვლილებების მოხდენას.

"რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში" შესული ცვლილების მიხედვით, "მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით."

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz