პროდუქტების გაიაფების პროცესი დასრულდა - "რეზონანსი" | Allnews.Ge

პროდუქტების გაიაფების პროცესი დასრულდა - "რეზონანსი"

ბოლო დროს დაწყებული სურსათის გაიაფების პროცესი, რომელიც ზოგიერთი დასახელების პროდუქციაზე 10%-საც კი აღწევდა, ლარის კურსის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა ვარდნამ შეაჩერა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ამბობენ, რომ გაიაფების პროცესი ნამდვილად დასრულდა, მათი ნაწილი კი ფასების ზრდასაც პროგნოზირებს.

ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შედარებით გამყარებული ლარი ისევ სწრაფად გააუფასურა, რამაც ბიზნესმენებს სტაბილურობის განცდა გაუქარწყლა. ეროვნული ბანკის ოფიციალურმა კურსმა ლამის 2,48-ს მიაღწია, ხოლო გარე სავალუტო ბაზარზე 2,49-საც კი გადააჭარბა. სულ რაღაც 7-8 დღის წინ ლარი 2,38-ის ფარგლებში ტრიალებდა.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა იმედი, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები ნელ-ნელა დაიკლებდა და ხალხსაც გარკვეული შეღავათი მიეცემოდა. ასეთივე პროგნოზი ჰქონდათ იმპორტიორებსაც, რომლებიც ძლივს დაწყებული სურსათის გაიაფების პროცესის გაგრძელების იმედს იძლეოდნენ. უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ტენდენცია გაგრძელდებოდა და უკვე მაისის ბოლოს მომხმარებელი პროდუქტის გაიაფებას აშკარად იგრძნობდა. ამის მთავარ პირობად კი ლარის კურსს ასახელებდნენ. მათი პროგნოზით, პირველ ეტაპზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი გაიაფდებოდა და ამას ტენდენციის ხასიათი ექნებოდა. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტს, ცვლილება ეტაპობრივად, ლარის კურსის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო.

ვითარება სულ რაღაც 1 კვირაში რადიკალურად შეიცვალა. ბოლო დღეებში ლარი მკვეთრად გაუფასურდა და გაიაფების პროცესი დიდი ხნით გადაიდო. მეტიც, შესაძლოა, 10%-ით შემცირებული ფასები ისევ გაიზარდოს.

კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ თუკი ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაგრძელდება, ფასის ზრდას შეუქცევადი ხასიათი ექნება.

"საერთაშორისო ბაზარზე ყველაფრის ფასი აწეულია, დოლარის შესუსტების გამო. ლარის გაუფასურება თუკი ამ ტემპით გაგრძელდა, ეს სერიოზულ გაძვირებას გამოიწვევს, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან ერთად ჩვენც დაგვაზარალებს. გაიაფების პროცესი, ფაქტობრივად, არც კი დაწყებულა, უბრალოდ, დოლარში ფასი შედარებით დაბალი იყო და ლარი დიდად ვერ მოქმედებდა. ფასების კლების მხოლოდ მოლოდინი იყო, ახლა კი, თუ ჩვენი ვალუტა ისევ გააგრძელებს გაუფასურებას, გაძვირების პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

სახელმწიფოს ერთადერთი მოვალეობა ახლა ის არის, რომ ბიზნესს ხელი არ შეუშალოს, დახმარებით ისედაც ვერ დაგვეხმარებიან. დამაბრკოლებელი ფაქტორები დღეს ისედაც სახეზეა", - განუცხადა "რეზონანსს" დავით გოგიჩაიშვილმა.

შპს "არჯევანის" გენერალური დირექტორი გია არჯევანიშვილი ამბობს, რომ სავალუტო რყევა ყოველთვის პრობლემაა ბიზნესისთვის, თუმცა ბიზნესმენი ვითარების მკვეთრად გაუარესებას არ ელოდება.

"მკვეთრი მერყეობა, რასაკვირველია, პრობლემაა და ხშირად ნგრევას იწვევს. ჯერჯერობით ლარის კურსის გაუფასურება იმდენად კატასტროფული არ არის, რომ უიმედოდ ვიყოთ. ძნელი საქთმელია, გრძელვადიან პერსპექტრივაში ეს რას გამოიწვევს. ვიმედოვნებ, ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვლება. ვფიქრობ, იმპორტიორები მოვახერხებთ და გადავრჩებით", - აღნიშნა გია არჯევანიშვილმა.

სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" პრეზიდენტი ივა ჭყონია ფასების ზრდას არ ვარაუდობს იქამდე, თუ ლარი დოლართან მიმართებით 2.70-მდე არ მივიდა. თუმცა, ეს არ ეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს.

"გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებისა, როგორებიცაა ზეთი, ფქვილი, შაქარი და ა. შ. ფასი არ უნდა გაიზარდოს. ამის წინაპირობა ჯერ არ არსებობს, ვიდრე კურსი კატასტროფულ ნიშნულს არ მიაღწევს. როცა ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო, ეს პერიოდი მცირე ხანს გაგრძელდა. ალბათ გახსოვთ, შარშან ზაფხულშიც ასე მოხდა, დაახლოებით 2.14-მდე ჩამოვიდა და მერე, წლის ბოლოს 2.80-ს გადასცდა.

ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, გროვდება და იმპორტიორებს რაღაც მარჟა დაჭერილი აქვთ და როცა ლარი მყარდება, ფასისი დაწევის ნაცვლად, ისინი მომხმარებელს აქციებს სთავაზობენ (მაგალითად, რომელიმე პროდუქტის შეძენა 8 ლარის ნაცვლად, 6 ლარად შეუძლიათ და ა.შ.). ასეთი ლავირების საშუალებას სწორედ მცურავი კურსი იძლევა.

დღევანდელი მდგომარეობით, სავალუტო ცვლილება არ უნდა აისახოს მომხმარებელზე, ვიდრე 2.70-ს არ მიაღწევს ლარი. იმპორტიორებს რაღაც ნიშნული უკვე აქვთ, რომლის ფარგლებშიც პროდუქციას არ აძვირებენ. იმავეს თქმა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, სადაც მცირე რყევაც კი მოქმედებს.

გარდა ამისა, ბაზარი ძალიან კონკურენტულია. შეუძლებელია, დღეს რომელიმე იმპორტიორი ფასს თვითონ ადგენდეს იმიტომ, რომ ასე უნდა. 50-80%-იან მოგებაზე მუშაობდეს ვინმე, ეს გამორიცხულია, როგრც ეს ზოგიერთ მომხმარებელს ჰგონია.

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ფასების ზრდას არ ველოდები. იმპორტიორები, მთელი წლის განმავლობაში დავაკვირდებით ლარის კურსს. გაიაფებაზე ახლა ვერ ვიფიქრებთ, მაგრამ ამ ეტაპზე გაძვირებაც მოსალოდნელი არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" ივა ჭყონიამ.

თამუნა მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz