როგორ ვიყიდოთ ფასიანი ქაღალდები საქართველოში | Allnews.Ge

როგორ ვიყიდოთ ფასიანი ქაღალდები საქართველოში

ალბათ, საფონდო ბირჟების შესახებ ძალიან ბევრი გსმენიათ, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არა, ფილმებიდან მაინც. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში საკმაოდ მსხვილი საფონდო ბირჟა გვაქვს და მის პლატფორმაზე დაშვებულია 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, იქნება ეს აქციები თუ ობლიგაციები.

Allnews.ge საქართველოს საფონფდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს ესაუბრა, რათა დეტალურად გაგვეგო ბირჟის საქმიანობის შესახებ.

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა USAID-ის დახმარებით და მოქმედებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, პასუხობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის საბაზისო მოთხოვნებს.

ფასიანი ქაღალდების განთავსება

ყველა ის კომპანია, რომელსაც სურს საკუთარი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, იქნება ეს კომპანიის აქციები თუ ობლიგაციები, საშუალება აქვს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივაჭროს. სანამ კომპანია უშუალოდ ვაჭრობის პროცესში ჩაერთვება, იგი ქირაობს განთავსების აგენტს, იგივე ბროკერს, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაშვებას. იგი ამზადებს ემისიის პროსპექტს, რომელიც დეტალურად აღწერს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, საბაზრო წილს, კონკურენტულ გარემოს, რისკებს, რომელიც დაკავშირებულია კომპანიასთან. ემისიის პროსპექტს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ინვესტრორებისთვის, რათა მათ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რას ყიდულობენ, რა ვალდებულებებითა და შესაძლებლობებით. ემისიის პროსპექტი ნებისმიერ შემთხვევაში იწერება, თუკი ეს არის საჯარო გამოშვება.

ემისიის პროსპექტის მომზადების შემდეგ, იგი ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც აფასებს მასში განთავსებულ ინფორმაციას. შეკითხვების შემთხვევაში უბრუნებს ბროკერს და აძლევს მითითებებს, თუმცა, თუკი პროსპექტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ემზადება ბაზარზე ჩასაშვებად. ამის შემდეგ იწყება საჯარო განთავსება. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ყიდის თავის ფასიან ქაღალდებს ინვესტორებზე.

საჯარო და არასაჯარო გამოშვება

საქართველოს კანონმდებლობით, საჯაროა გამოშვება, რომელიც გათვალისწინებულია 100-ზე მეტი ინვესტორისთვის. ასეთ შემთხვევაში, ემისიის პროსპექტის შედგენა აუცილებელია. ხოლო, არასაჯაროა ის გამოშვება, როდესაც ინვესტორთა წრე შეზღუდულია, ანუ 100-ზე ნაკლებია.

ინვესტორები

ინვესტორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სურვილი შეიძინოს ამა თუ იმ კომპანიის ფასიანი ქაღალდები. პროცედურულად, ეს ოპერაცია ძალიან მარტივია. დაინტერესებული პირი, უკავშირდება ბროკერს, რომელიც შემდგომ განახორციელებს შესყიდვას. იხსნება საბროკერო ანგარიში, ისეთივე მარტივი პროცედურაა, როგორიც ბანკში ანგარიშის გახსნა. ამის შემდეგ, კი დაქირავებული ბროკერი, სასურველ ფასიან ქაღალდებს ყიდულობს ინვესტორისთვის. მას ჩამოეჭრება, ფასიანი ქაღალდების ღირებულება ანგარიშიდან, და დაუჯდება აქციები ან ობლიგაციები, თავისი ვალდებულებებითა და შესაძლებლობებით.

ბროკერები

ბროკერი ანუ შუამავალი, არის პირი ან კომპანია, რომელსაც აქვს საბროკერო ლიცენზია. ლიცენზიას გაცემის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს ეროვნულ ბანკს. ბროკერი, როგორც უკვე ვახსენეთ, უზრუნველყოფს შესყიდვას, როგორც ინვესტორისთვის, ისე ფასიანი ქაღალდების ჩაშვებას კომპანიისთვის. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 5 მოქმედი საბროკერო კომპანიაა, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟის წევრები არიან.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე არსებული მდგომარეობა

ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც ქართული კომპანიის ფასიანი ქაღალდებით ისე, უცხოური კომპანიის. ამ ეტაპისთვის, საფონდო ბირჟაზე დაშვებულია 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდი. აქედან დიდი ნაწილი, არის აქციები და დაახლოებით 7 არის ობლიგაცია. ყველაზე დიდი რაოდენობით ობლიგაციები IBRD-მა გამოუშვა, და მისი ღირებულება 107 მლნ ლარი იყო.

myquiz