საწვავი, რომელიც ბენზინსა და ბუნებრივ აირზე იაფია, საქართველოში თანდათან პოპულარული ხდება | Allnews.Ge

საწვავი, რომელიც ბენზინსა და ბუნებრივ აირზე იაფია, საქართველოში თანდათან პოპულარული ხდება

გათხევადებული გაზი (დზპ) ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში აქტიურად ძირითადად, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამოიყენებოდა, დღეს კი ის აქტუალური ავტომობილების მფლობელებშიც გახდა, მიზეზი კი მისი დაბალი ფასია.

გათხევადებული გაზი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია, რომელიც ქიმიური ელემენტების, პროპანისა და ბუტანისგან შედგება. ის მსოფლიოში საწვავთან შედარებით 2-3-ჯერ ეკოლოგიურად სუფთად მიიჩნევა, შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში ავტომობილების მფლობელები აქტიურად იყენებენ, საქართველოში კი პოპულარული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა.

ერთ-ერთი ნავთობიმპორტიორი კომპანიის პრეზიდენტის, ნუგზარ ცაავას განმარტებით, წინა წელთან შედარებით გათხევადებულ გაზზე მოთხოვნამ საქართველოში 20%-ით მოიმატა, - "გათხევადებული გაზის იმპორტს უკვე ათეული წელია ვახორციელებთ, ამჟამად გათხევადებული გაზის 90% ძირითადად, აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება, დანარჩენს კი განსაკუთრებით დეფიციტის დროს რუსეთიდან ვავსებთ. სატრანსპორტო დანიშნულებით ანუ ავტომობილების მფლობელთათვის პროდუქტის მიწოდების თვალსაზრისით ბაზარზე თითქმის ერთი წელია შევედით და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიცავით," - განმარტავს ის.

აქციზის გადასახადის ზრდა ნავთობპროდუქტებიდან გათხევადებულ გაზს არ შეხებია. 1 ტონაზე მისი გადასახადი 120 ლარია, შესაბამისად, სხვა ტიპის საწვავთან მისი ფასი შედარებით დაბალია, იგი 1 კგ დაახლოებით 1,20 ღირს.

საწვავი რამდენიმე თეთრით გაიაფდა

"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის" პრეზიდენტის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, საქართველოში ამ პროდუქტს ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ისეთ რეგიონებში იყენებენ, სადაც ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი არ არის, - "გათხევადებულ გაზს აქციზის გადასახადის ზრდა იმიტომ არ შეეხო, რომ პროდუქტი ძირითადად, საყოფაცხოვრებო მიზნით სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების ისედაც შეჭირვებული მოსახლეობა იყენებს, გათხევადებულ გაზზე გადასახადის ზრდა კი მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულდებდა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ საავტომობილო გამოყენების თვალსაზრისით, დიდი ქსელები არ არსებობს, თუმცა დიდ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს თბილისსა და სხვა რეგიონებში რამდენიმე გაზგასამართი სადგური აშენებული უკვე აქვს, მაგალითად, ბათუმში, ხაშურში და ა.შ.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეებით ხასიათება გათხევადებული გაზი?

აღნიშნული ნავთობპროდუქტი ბუნებრივ აირზე ნაკლებად, თუმცა ბენზინზე ეკოლოგიურია. მის უპირატესობად ასევე დაბალი ფასი მიიჩნევა.

შპს "აირბალონის" წარმომადგენლის, ნოდარ რამიშვილის თქმით, გათხევადებული გაზის გამოყენება ავტომობილისთვის ბუნებრივ აირთან შედარებით უკეთესია, რადგან ავტომობილის ძრავის ჩართვის ან აღმართზე გადაადგილების დროს ბენზინის გამოყენება არ გვიწევს, - გარდა ამისა, ძრავისთვის თხევადი საწვავი ყველაზე კარგია. მისი ოქტანობა 120-მდეა," - განმარტავს ის.

"მისი ღირებულების სიმცირე იმაში მდგომარეობს, რომ გათხევადებული გაზის დიდი ხნით, რეზერვუარებში შენახვა თითქმის შეუძლებელია, რადგან ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი მისი აორთქლება ხდება," - აღნიშნავს სპეციალისტი.

ასევე, გათხევადებული გაზის საშუალებით ავტომობილი სიჩქარეს ისევე მარტივად ავითარებს, როგორც ბენზინის, თუმცა, მას უარყოფითი მხარეც აქვს, მკაცრ კლიმატურ პირობებში პრობლემა იქმნება - "ზამთარში, როცა ტემპერატურა -5 გრადუსზე ან უფრო ქვემოთ ეცემა, ძრავის ჩართვის შემთხვევაში სისტემა ბენზინზე უნდა გადავრთოთ, რათა სისტემა მწყობრიდან არ გამოვიდეს, ბუნებრივი აირის შემთხვევაში კი ავტომობილის დაძვრა პირდაპირ შეგვიძლია", - განმარტავს ის.

გათხევადებული გაზს ევროპაში, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით აქტიურად იყენებენ. მის მოხმარებაზე მუშაობა იტალიამ 1933 წელს დაიწყო, 1937 წელს გერმანია გათხევადებულ გაზს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის იყენებდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz