რამდენად გაგიძვირდათ ცხოვრება - პერსონალური კალკულატორი | Allnews.Ge

რამდენად გაგიძვირდათ ცხოვრება - პერსონალური კალკულატორი

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პერსონალური ინფლაციის კალკულატორის მეშვეობით დაითვალონ, რამდენად გაუძვირდათ ცხოვრება, ამის საშუალებას კი "საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი" გაძლევთ.

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, პერსონალური ინფლაციის კალკულატორი საშუალებას გაძლევთ, პერსონალური ხარჯების სტრუქტურა ქვეყნის შიდა მეურნეობის ხარჯების სტრუქტურას შეადაროთ.

"გასათვალისწინებელია, რომ პერსონალური ინფლაცია საქსტატის მიერ დაანგარიშებული ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი არ არის და ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. ასევე, პერსონალური ინფლაციის მაჩვენებელი შეიძლება ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, რადგან აღნიშნული სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის ცვლილებას ზომავს, ხოლო პერსონალური ინფლაცია იანგარიშება კონკრეტული მომხმარებლის პრიორიტეტული საქონლის ფასების ცვლილების მიხედვით", - განმარტავს ის.

იმისათვის, რომ გამოიანგარიშოთ, რამდენად გაგიძვირდათ ცხოვრება, "საქსტატის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცარიელ ველში კონკრეტული თვის ან წლის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები უნდა დააფიქსიროთ და სისტემა ინფლაციას ფასების ოფიციალური ინდექსების მიხედვით დაითვლის.

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თქმით, სისტემა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, წარმოდგენა შეიქმნას, თუ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, როგორია მისი პერსონალური ინფლაცია.

myquiz