წყალტუბოში მინი-ქალაქი მოეწყობა | Allnews.Ge

წყალტუბოში მინი-ქალაქი მოეწყობა

წყალტუბოში მინი-ქალაქის "ვარდების უბნის" მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს თურქული კომპანია "ასალ ინშაათი" ახორციელებს.

როგორც თანაპარტნიორმა კახა ბაბუნაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. მისივე ცნობით, პროექტი 2-წლიანია და მისი დასრულება 2018 წელს არის დაგეგმილი.

"მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის ბოლოს დასრულდება, საბოლოო სახით კი პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება. მინი-ქალაქი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მესხეთში, 25 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება", - განაცხადა კახა ბაბუნაშვილმა.

პროექტის ფარგლებში - სკოლის, საბავშვო ბაღის, აუზების, სარბენი ბილიკების, სტადიონის, სამედიცინო პუნქტის, 75 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება.

როგორც კომპანიის დირექტორმა მუსტაფა აქთაშმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, პროექტის ჯამური ღირებულება 3-3.5 მილიონი დოლარია.

"მინი-ქალაქში ორი ტიპის სახლები - დუპლექსები და 4 ოჯახზე გათვლილი, ჩვეულებრივი სახლები იქნება. გარდა ამისა, დაცულ და შემოღობილ ტერიტორიაზე აუზი; კაფე-ბარი; 3-სართულიანი, 1 250 კვადრატულ მეტრზე გათვლილი სავაჭრო ცენტრი; საკუთარი ავტოპარკინგიც იქნება. რაც შეეხება ფასებს, ჩვეულებრივი სახლების ღირებულება, რომელიც 160 კვადრატული მეტრი ფართობის იქნება, დაახლოებით, 54 ათასი დოლარია; დუპლექსები კი 102 ათასი დოლარი ეღირება,"-აღნიშნავს აქთაში.

წყალტუბოს მინი-ქალაქი კომპანია "ასალ ინშაათის" პირველი პროექტია საქართველოში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, კომპანიას პროექტები განხორციელებული აქვს რუსეთში, თურქეთში, ერაყში, ავღანეთსა და ბულგარეთში.

იხილეთ გალერეა

myquiz