თუ ტელევიზორს მხოლოდ პულტით თიშავთ, ის ელექტროენერგიას ხარჯავს - როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი ტექნიკის მოხმარებისას | Allnews.Ge

თუ ტელევიზორს მხოლოდ პულტით თიშავთ, ის ელექტროენერგიას ხარჯავს - როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი ტექნიკის მოხმარებისას

ტექნიკას, რომელიც სახლში გვაქვს, ხანდახან არ ვიყენებთ, მაგრამ დენის წყაროში მაინც ჩართულს ვტოვებთ, თვის ბოლოს მოსულ გადასახადის ქვითარში მითითებული თანხა კი ჩვენთვის სურპრიზად იქცევა ხოლმე.

ტელეფონს ტენით, გიჩვენებთ რომ 100%-მდე დაიმუხტა, თუმცა მისი შესაერთებელიდან გამოძრობის შემთხვევაში, თავად დამტენს დენის წყაროდან არ თიშავთ, იგივე ხდება როუტერების შემთხვევაში.

ნებისმიერი კვების ბლოკი, რომელსაც გგონიათ, რომ არ იყენებთ, დამატებით ელექტროენერგიას ხარჯავს!

ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორის, თემურ ხუნდაძის თქმით, ტექნიკის ხარჯი, რომელსაც არ იყენებთ, მაგრამ კვების წყაროში მუდმივად ჩართულია, საათში 3-5 ვტ-ია.

"მეტ-ნაკლებად "ტექნოლოგიურ ოჯახში", კვების წყაროში დაახლოებით, 10-15 ნივთია ჩართული, უმეტესი ნაწილი - უფუნქციოდ.

მაგალითად, თუ ტელევიზორს მხოლოდ პულტის საშუალებით ვთიშავთ, დენის წყაროში კი ისევ ჩართულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მუშა მდგომარეობაშია და ელექტროენერგიას ხარჯავს" - აღნიშნავს ის.

პროფესორის თქმით, საქართველოში ვარვარის ძაფიანი ნათურებიდან ეკონომიურ, ლედ ნათურებს გადასვლის კულტურა დამკვიდრებული ჯერჯერობით არ არის, სწორედ ამიტომ, ეს ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.

"24 საათის განმავლობაში, მინიმუმ ერთი 50 ვტ-იანი ნათურა თუ გვაქვთ ჩართული, თვის ბოლოს, 4-5 ლარი გამოდის. შესაბამისად, ამ თანხას ტყუილად ვიხდით," -განმარტავს ის.

თემურ ხუნდაძის თქმით, ლედ ნათურებს ფუნქციონირება 50 000 და მეტი საათის განმავლობაში შეუძლიათ, ვარვარის ძაფიან ნათურებს კი 3 000 ან 5 000 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ლედ ნათურა საკუთარ სიძვირეს ეკონომიურობით ფარავს.

"თუ ჩვეულებრივი ნათურა 100 ვტ-ს ხარჯავს, ლედ ნათურა 10-15 ვტ-ს იყენებს. ასევე, ოთახებში ხანდახან დიდი ჭაღები გვაქვს, რომელზეც რამდენიმე ნათურაა დაყენებული და როდესაც ყველა მათგანის განათება არ გვესაჭიროება, რამდენიმე სექციანი ჩამრთველი უნდა გამოვიყენოთ. შეგვიძლია ჭაღზე ორი, სამი, ხუთი ან რამდენიც მოგვესურვება, იმდენი ნათურა გავანათოთ,"-აღნიშნავს თემურ ხუნდაძე Allnews.ge-სთან საუბარში.

თემურ ხუნდაძე მაცივრის არასწორი გამოყენების შესახებ მიგვითითებს:

"მაცივარი უკანა მხრიდან კედელთან მაქსიმალურად გვაქვს მიდგმული, თუმცა მას გამოყენების წესებში მითითებული აქვს, რომ კედლიდან გარკვეული დისტანციით, 10-15 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. თუ მაცივარს კედელთან მაქსიმალურად ახლოს დავდგამთ, ის ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს და უფრო მეტ ელექტროენერგიას დახარჯავს. ჩათვალეთ, რომ ეს თვის ბოლოს გადახდილი ზედმეტი 5 ლარია,"-განმარტავს პროფესორი.

გამოდის, რომ თვეში, დაახლოებით 10 ლარს, ტყუილად ვიხდით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

"ელექტროენერგიის ეკონომია ტელევიზორზე დაძინების რეჟიმის (Sleep Regime) გამოყენებით შეგვიძლია. როდესაც ტელევიზორს ვუყურებთ და დაძინებას ვაპირებთ, შეგვიძლია Timer-ი ჩავრთოთ და მაგალითად, ნახევარი საათის შემდეგ ტელევიზორი თავად გამოირთვება.

მოცულობით რაც უფრო დიდია ტელევიზორი, უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს.

ლედ ტელევიზორებს რაც შეეხება, ისინი საკმაოდ "ღორმუცელა" ტექნიკის ჩამონათვალში შედის და მისი ზომის 10%-ით მომატება 2-ჯერ მეტი ელექტროენერგიის ხარჯვას იწვევს. კომპიუტერის შემთხვევაში, მისი დენის წყაროდან მუდმივი გამოთიშვა მოუხერხებელია, მაგრამ როდესაც სახლიდან გავდივართ და ვიცით, რომ მთელი დღის განმავლობაში ან რამდენიმე დღე არ დავბრუნდებით, ის დენის წყაროდან უნდა გამოვრთოთ, ეს არამხოლოდ ეკონომია, არამედ უსაფრთხოებაცაა,"-განმარტავს თემურ ხუნდაძე.

საათში დაახლოებით, 5 ვტ-ს რადიო და ტელეფონებიც ხარჯავენ, რომლებიც დენის მეშვეობით ფუნქციონირებენ. მათ გამო თვეში 1 ლარით მეტს ვიხდით.

"თუ კონდიციონერით ვთბებით, ჩათვალეთ, რომ თვის ბოლოს კომუნალური გადასახადი 20 ლარით მეტი მაინც მოგივათ, შესაბამისად, ეს დიდი შეცდომაა. იმავეს თქმა შეიძლება ნებისმიერ ელექტროგამაცხელებელზე"-ამბობს პროფესორი.

მცირედით, მაგრამ ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯს ცენტრალური გათბობისა და სარეცხი მანქანის საშუალებითაც ვახდენთ.

"ცენტალური გათბობის შემთხვევაში, ელექტროენერგია მხოლოდ აპარატის მუშაობაზე იხარჯება, თუმცა, ცხადია, გათბობა 30 გრადუსზე არ უნდა დავაყენოთ და სიცხის გამო ფანჯარა არ უნდა გამოვაღოთ, ამ შემთხვევაში, მეტი ელექტრონერგია დაიხარჯება.

უკეთესია, თუ მას 22-24 გრადუსზე დავაყენებთ და ოთახებში ნორმალური ტემპერატურა იქნება.

სარეცხი მანქანა, როდესაც მუშაობას დაასრულებს, მაინც მიაქვს ელექტროენერგია, რადგან კვების ბლოკშია ჩართული,"-აღნიშნავს პროფესორი თემურ ხუნდაძე და გვირჩევს, რომ ნებისმიერი ტექნიკა, თუ არ ვიყენებთ, კვების წყაროდან გამოვრთოთ.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჩვევების ან უყურადღებობის გამო, ყოველთვიურად, კომუნალურ გადასახადს დაახლოებით, 31 ლარით მეტს ვიხდით, ამიტომ თუ თანხის დაზოგვა და მეტი ეკონომია გვსურს, არცერთი ტექნიკური მოწყობილობა კვების ბლოკში ჩართული არ უნდა დავტოვოთ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz