საქართველოს ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქალაქები | Allnews.Ge

საქართველოს ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქალაქები

საქართველოს ქალაქების განვითარება, ძირითადად, მათ შემოსავლებზეა დამოკიდებული. მეტი შემოსავალი კი ტურისტების და ინვესტორების რაოდენობის ზრდით და საწარმოების განვითარებით მიიღწევა.

გთავაზობთ საქართველოს ყველაზე მდიდარი და შედარებით დაბალშემოსავლიანი ქალაქების ჩამონათვალს 2015 წლის მონაცემების მიხედვით.

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" ინფორმაციით, ყველაზე მდიდარი ქალაქებია:

თბილისი - დედაქალაქი ყველაზე მაღალშემოსავლიანია საქართველოს სხვა ქალაქებს შორის. მისი წლიური ბრუნვა 40873,6 მილიონი ლარია, რომელიც სხვადასხვა დარგის მიხედვით ასეთ სურათს გვაძლევს.

მშენებლობა - 3640,9 მილიონი ლარი;

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 20766,3 მილიონი ლარი;

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 4742,1 მილიონი ლარი;

ბათუმი - მისი შემოსავალი 3542,1 მლნ ლარია. მთლიანად რეგიონის, აჭარის წლიური შემოსავალი კი 4155,5 მლნ ლარი. აჭარის რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი 1682,8 ლარის ოდენობით ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტია.

ქუთაისის წლიური შემოსავალი 1359,9 მილიონი ლარია, ხოლო იმერეთის რეგიონის - 2591,4 მლნ. ლარი. რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტია. აღნიშნული დარგებისგან მიღებული წლიური შემოსავალი 1135 მლნ ლარს შეადგენს.

რუსთავის შემოსავალი 1448,2 მილიონი ლარია და ყველაზე მდიდარ ქალაქებს შორის მეოთხე პოზიციას იკავებს. ქვემო ქართლის წლიური შემოსავალი კი 3347,4 ლარს შეადგენს.

გარდაბანი - ამ ქალაქის შემოსავალი 2015 წელს 991,5 მილიონი ლარი იყო. ქვემო ქართლის შემოსავლებს შორის ყველაზე დიდი წილი დამამუშავებელ მრეწველობას 1017,7 მლნ ლარით უჭირავს.

საქართველოს ყველაზე მრავალ და მცირერიცხოვანი ქალაქები

"საქსტატის" მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი ქალაქებია:

ონი - 11,5 მილიონი ლარი. რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მთლიანი წლიური შემოსავალი 50,6 მილიონი ლარია, ხოლო ყველაზე მაღალშემოსავლიანი დარგი, მშენებლობა, რომელსაც რეგიონში 40,5 მილიონი ლარი შეაქვს.

ამბროლაური - 20 მლნ ლარი. რაჭის მეორე ქალაქი, რომელიც სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალი შემოსავლის მქონეა. რაჭის რეგიონში ყველაზე დაბალშემოსავლიანი დარგი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა 2 მლნ ლარით.

წალენჯიხა - 39 მლნ ლარი. სამეგრელო-ზემო სვანეთის წლიური შემოსავალი 1957,7 მლნ ლარია. მისი ყველაზე შემოსავლიანი დარგი დამამუშავებელი მრეწველობაა, რომელსაც რეგიონში 501,1 მლნ ლარი შეაქვს, ხოლო ყველაზე დაბაშემოსავლიანი განათლებაა 2,5 მლნ ლარით.

სიღნაღი - 41 მლნ ლარი. კახეთის წლიური შემოსავალი 963,4 მლნ ლარს შეადგენს. რეგიონს ყველაზე მაღალი შემოსავალი, 488,3 მლნ ლარი ვაჭრობიდან, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტიდან აქვს.

ლანჩხუთი - 56,6 მლნ ლარი. გურიის წლიური ბრუნდა 355 მლნ ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი შემოსავალი რეგიონს ლარი ვაჭრობიდან, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტიდან 158,8 მლნ ლარის ოდენობით აქვს, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანი დარგი განათლებაა, რადგან მისი წლიური ბრუნვა 2 მლნ ლარს შეადგენს.

როგორ უნდა განვითარდეს ყველაზე დაბალი ეკონომიკური ბრუნვის მქონე ქალაქები, ამის შესახებ Allnews.ge "აფბას" პრეზიდენტ შოთა გულბანს ესაუბრა.

ანალიტიკოსის თქმით, თბილისი ეკონომიკურ თავკომბალად იქცა,

სადაც ყველა ძირითადი ქარხანა და საწარმოა თავმოყრილი, სწორედ ამიტომ რეგიონების მაცხოვრებლები დედაქალაქისკენ მიილტვიან, რაც მისთვის შემოსავლის წყაროა.

"იმის გამო, რომ სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, როგორ გავაჩინოთ საწარმოები ყველა რეგიონში, მათი მაცხოვრებლები სამსახურს დედაქალაქში ეძებენ და საქართველოს სხვა ტერიტორიები იცლება. ვითარების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ინვესტორების დაინტერესება უნდა მოხდეს, რათა საწარმოები არამხოლოდ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ რეგიონული მასშტაბითაც აშენდეს. ასევე ხელისუფლებამ ქვეყანაში ინვესტიციები თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რათა სხვა რეგიონების განვითარებაც მოხდეს,"- განმარტავს ის და დასძენს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი შესაძლებლობებისა და ბუნებრივი რესურსების მიხედვით უნდა იყოს წარმოჩენილი.

შოთა გულბანის თქმით, რეგიონებში თვითდასაქმებული ადამიანები მთლიანი შიდა პროდუქცის შექმნაში ვერ მონაწილეობენ, შესაბამისად ეკონომიკის ზრდაც ვერ ხდება. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებით დაბალშემოსავლიანი ქალაქების ეკონომიკურ ზრდას, ანალიტიკოსის თქმით, ასეთი პროგნოზი ვერ გაკეთდება, რადგან თავდაპირველად მომსახურების სფერო უნდა განვითარდეს, რათა ვიზიტორებს შესაბამისი გარემო დავახვედროთ:

"მხოლოდ ტურიზმის მიმართ იმედებს ვერ დავამყარებთ. რეგიონებში მაცხოვრებლების ელემენტარული უნარ-ჩვევები უნდა გამოვიყენოთ და დამსაქმებლებმა ისეთი კვალიფიკაცია არ უნდა მოითხოვოს, რაც ადგილობრივებს არ გააჩნიათ. ამის მიღწევა რთული, მაგრამ შესაძლებელია," - განმარტავს ის.

ანალიტიკოსის თქმით, რეგიონების განვითარების ბერკეტი დღეს ხელისუფლების ხელშია და მან, თავდაპირველად, მუშაობა საწარმოების შექმნის მიმართულებით უნდა დაიწყოს. ამასთან, შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ მთავრობამ რეგიონების განვითარების გრძელვადიანი, 15-20 წლიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში არ შეიცვლება და ყველა მთავრობა მხოლოდ მის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz