კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანიები | Allnews.Ge

კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანიები

საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ქვეყანაში არაერთი კამპანია ჩატარდა და ტარდება. ამასთან, ინდუსტრიის განვითარების მიზნით, ხელისუფლებამ დაიწყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში," რომლის ფარგლებშიც პირველადი სასოფლო-სამეურნეო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და ინფრასტრქტურული საწარმოების დაფინანსება შედიოდა. აღნიშნული პროგრამა 2014 წლის 1 ივნისს დაიწყო.

მანამდე კი ბაზარზე საქართველოში პროდუქტების მწარმოებელი რამდენიმე დომინანტური კომპანია გამოჩნდა, რომელთა პროდუქციას დღეს თითქმის ყველა სუპერმარკეტისა თუ ჰიპერმარკეტის თაროებზე შეხვდებით.

ქართული ბრენდები საერთაშორისო ბაზარზე

ასეთია მაგალითად ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "კამპა", რომელიც 2008 წელს დაარსდა, ერთი წლის შემდეგ კი პროდუქციის წარმოება დაიწყო. საწყის ეტაპზე "კამპამ" ბაზარზე 7 დასახელების პროდუქტი შემოიტანა, ახლა კი 30-მდე დასახელების ნატურალურ წვენს აწარმოებს.

კომპანიის წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ყაზახეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

კომპანია "კულა," რომელიც ასევე ნატურალურ წვენებს აწარმოებს, 2009 წელს ქალაქ გორში გაიხსნა. ის ხილისა და ბოსტნეულის ეკოლოგიურად სუფთა წვენებს ბრენდ Kula-ს სახელით აწარმოებს, ხოლო საბავშვო ნატურალურ წვენებს მეორე ბრენდის - Kula Baby-ს სახელწოდებით. "კულა" დიაბეტურ პროდუქციასა და საბავშვო ფაფებსაც აწარმოებს.

რამდენიმე წლის წინ სუპერმარკეტებში ქართული შეფუთვით ჩირი და ტყლაპიც გამოჩნდა. ეს კომპანია "სკიჯია," რომელმაც პროდუქციის წარმოება 2015 წლიდან დაიწყო. კომპანია ვაშლის, კარალიოკის, კივის, მანდარინის, ფორთოხლის ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს. ასევე აშრობს იის ყვავილებს, რაც ჩაისთვის არომატული დანამატია.

"ამაზონზე" ჩურჩხელა 17.95 დოლარად იყიდება

ჩირს აპარატის მესშვეობით ამზადებენ, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს და "დაჩირების" პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროდუქციის მტვრის დაბინძურებისა და მწერებისგან დაცულია. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში ახდენს.

ჩირს, თათარასა და ჩურჩხელას აწარმოებენ შპს "ბიო-მარგი" და შპს "გრეიფიც".

სუპერმარკეტებში კომპანია "ბებოს ნობათის" მიერ წარმოდგენილ "ბებოს ჩურჩხელასაც" შეიძენთ, რომელიც შეფუთული და ვაკუუმში მოქცეულია და ტესტირებამ აჩვენა, რომ საექსპორტოდ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა მისი უცხოეთში რეალიზაცია ჯერ არ ხდება.

ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ქართულ წარმოებაზე ითქვას, ისაა, რომ საქართველოში ღვინის 195 კომპანია ფუნქციონირებს. მათ შორისაა სს "თელავის ღვინის მარანი," სს "თელიანი ველი," შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანია," შპს "გურჯაანის ღვინის მარანი," შპს "მეღვინეობა ხარება," შპს "ბადაგონი," შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა," სს "კორპორაცია ქინძმარაული," შპს "მანაველი," შპს "ენისელი-ბაგრატიონი...". მათი ნაწილი პროდუქციის რეალიზაციას არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და ევროპის ქვეყნებში ახდენს.

რაც შეეხება ხორპროდუქტების წარმოებას, სააქციო საზოგადოება "ნიკორა" საქართველოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ის 1998 წელს დაფუძნდა და 17 წელია ფუნქციონირებს.

კომპანიის ჰოლდიგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. გარდა ამისა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის იმპორტიორია.

როგორი ხორცპროდუქტები იყიდება ქართულ ბაზარზე

"ნიკორას" სავაჭრო ქსელში 200-ზე მეტი სუპერმარკეტისა, მის მფლობელობაში "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" სავაჭრო ობიექტებია. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 4 000-ს აღწევს.

ხორცპროდუქტების კომპანია კი "მითანა" 2008 წელს დაფუძნდა და პროდუქციას ავსტრალიური და გერმანული დანადგარებით აწარმოებს. კომპანიის ინფორმაციით, ის მზარდია, კიდევ უფრო ვითარდება და მეტ ადამიანს ასაქმებს, თანამშრომლებისთვის ადგილი კი მუდმივად აქვს.

მაკარონის მოყვარულებს მაღაზიების თაროებზე "ჯეოპასტი" დაგვხვდებათ, რომელიც ასევე ხორბლის ფქვილსა და საკვების სოდას აწარმოებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში ახდენს.

ყავის მოყვარულებს კი ქართული ყავა "ჩერის" შეძენა შეუძლიათ. კომპანია როგორც ხსნად, ისე ნალექიან ყავას აწარმოებს და დისტრიბუციას საქართველოს ტერიტორიაზე ახდენს. ის 2012 წელს დაარსდა. ის ადგილობრივ ნედლეულს არ იყენებს და მწვანე ყავის ექსპორტს ახდენს.

2080 წლისთვის შესაძლოა ყავა აღარ არსებობდეს

რაც შეეხება ჩაის, ცნობილი და საკმაოდ წარმატებულია კომპანია "გეოპლანტის" წარმოებული სხვადასხვა სახის ჩაი. აღნიშნული კომპანია 1996 წელს დაარსდა და წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს ჩაის მწარმოებელ კომპანიას. 2010 წლის განმავლობაში კი კომპანიამ შექმნა გემური და არომატული თვისებებით გამორჩეული, საექსპორტო პოტენციალის მქონე უმაღლესი ხარისხის ჩაის ახალი ქართული ბრენდები "გურიელი ექსპორტი" და "რჩეული".

შპს "ემ-სი-ბი" ჯორჯია ტკბილეულსა და პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს. ამავე პროდუქტს კომპანიები "იფქლი" და "ტკბილი ქვეყანაც" ამზადებენ. მათი რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება.

ამგვარად, მაღაზიებში ქართული პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი, მათი შეძენით კი ქვეყნის ეკონომიკას განვითარებაში ვეხმარებით. საქართველოში წარმოება ნელ-ნელა იზრდება და რაც უფრო მასშტაბური გახდება, უფრო მომგებიანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მარიამ მენაბდიშვილი

 

myquiz