რატომ გაიზარდა საწვავის ღირებულება | Allnews.Ge

რატომ გაიზარდა საწვავის ღირებულება

გაზგასამართ სადგურებზე ავტოგაზის ღირებულება საშუალოდ 20 თეთრით გაიზარდა. მისი ამჟამინდელი ფასი "გამას" ქსელში 1,46 თეთრი, "ვისოლის" - 1,45 თეთრი, "ნეოგაზისა" და "ფორმულა გაზის სადგურებზე" - 1,45 თეთრი, - "გალფის," - 1,47, "სოკარის" ქსელში კი -1,44 თეთრია.

რაც შეეხება ბენზინს, მისი ღირებულება, 2016 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, 19-33 თეთრით გაძვირდა, რასაც ნავთობიმპორტიორი კომპანიები ვალუტის გაცვლით კურსსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირებენ.

მოახდენს თუ არ ზეგავლენას საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ნავთობზე აქციზის ზრდას გულისხმობს საწვავის ღირებულებაზე და რატომ გრძელდება მისი გაძვირების ტენდენცია, ამის შესახებ Allnews.ge რამდენიმე ნავთობიმპორტიორ კომპანიასა და დარგის სპეციალისტებს ესაუბრა.

"გამა გაზში" ადასტურებენ, რომ ავტოგაზის ღირებულება გაიზარდა, თუმცა, ზუსტ მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

რაც შეეხება საწვავის ღირებულებას, "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე განმარტავს, რომ ქსელში საწვავის ფასი გაიზარდა, რაც სამი ფაქტორით, ვალუტის გაცვლითი კურსით, საერთაშორისო ბაზრის ზეგავლენითა და მომავალში საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით არის გამოწვეული.

"ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა რა ნიშნულებსა და შედეგებსაც მოგვცემს, სწორედ ისეთი იქნება საწვავის ღირებულება. რამდენი იქნება, დღეს ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ვალუტის კურსი მცურავი, ხოლო ნავთობის ღირებულება ყოველდღიურად ცვალებადია," - აღნიშნავს ნავთობიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, ავტოგაზის გაძვირება ახალი წლიდან აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია, იგივე შეიძლება ითქვას სხვა ტიპის საწვავზეც.

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქტი მარაგების გარეშე ოპერირებს, 2017 წლის 1 იანვრიდან მოხმარებული და რეალიზებული გაზი უკვე ახალი, გაზრდილი გადასახადითაა დაბეგრილი"- აღნიშნა მან და დასძინა, რომ იმპორტირებული ნავთობროდუქტების ღირებულების ზრდა 20-25 ერთეულითაა მოსალოდნელი.

ენერგეტიკოსი ლია ელიავა ყველა ტიპის საწვავზე ღირებულების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და მოლოდინებს უკავშირებს, რომელშიც დოლარის კიდევ უფრო გამყარების ტენდენცია იგულისხმება.

"მეწარმეები თადარგის იჭერენ, რომ თავიანთი პროდუქციის ღირებულება მუდმივად არ ცვალონ და ამიტომაც უმატებენ ფასებს.

გარდა ამისა, რამდენიმე ტიპის საქონელზე აქციზის გადასახადი ახალი წლიდან გაიზარდა, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, ქვეყანაში ფასები გაიზრდება, საწვავის ფასის ზრდასაც განაპირობებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტოგაზის ღირებულების ზრდა ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური ცვლილებებითაა გამოწვეული," - აცხადებს ლია ელიავა.

აღსანიშნავია, რომ საწვავის ღირებულების გაძვირების ტენდენცია ბოლო რამდენიმე კვირაა შეინიშნება. ექსპერტები, ამის ძირითად ფაქტორად მსოფლიო ბაზარზე ე.წ შავი ოქროს ღირებულების გაძვირებას განიხლავენ. ამჟამად,WTI-ს ტიპის ნავთობის ღირებულება 53,72$, ხოლო ბრენტის ტიპის ნავთობის -56,13$-ია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz