საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს | Allnews.Ge

საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 450 მილიონი ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსი საგზაო, მუნიციპალური ინფრასტრუქტურებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავურის მიერ ხელმოწერილ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, საქართველო, ჯამში, 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

"დღეს მოეწერა ხელი ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელმოწერილი ხელშეკრულება - 450 მილიონი ევროს შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოების რეალიზაციის ჯაჭვის, სასაწყობე, სამაცივრე მეურნეობებისა და იმ მნიშვნელოვანი რგოლების განვითარებას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ სრულად აითვისოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი და შესაძლებლობები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის დადასტურება კიდევ ერთხელ ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

myquiz