ლარის გადარჩენის მექანიზმები | Allnews.Ge

ლარის გადარჩენის მექანიზმები

დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის გაცვლითი კურსი, ლართან მიმართებაში 2,57-ია. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს, 2,58-ს, 2016 წლის 2 დეკემბერს მიაღწია.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან ლარის დასტაბილურებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. რა მექანიზმებითაა შესაძლებელი ლარის გამყარება მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებისთვის, ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, ზურაბ კუკულაძე განმარტავს, რომ მოკლე ვადაში ლარის გამყარების რამდენიმე ბერკეტი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია.

"პირველი, ეს არის, სავალუტო ინტერვენციები, მეორე-რეფინანსირების სესხების, ერთი მხრივ გაცემის შემცირება და მეორე მხრივ, მასზე საპროცენტო განაკვეთის აწევა, მესამე კი უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისა დარეზერვების კოეფიციენტის შეცვლაა," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ჩამოთვლილი ნაბიჯები ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო შეანელებს, თუმცა, მიმდინარე სიტუაციაში, გაცილებით პრიორიტეტული, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაა. ეკონომიკა მაქსიმალურად დოლარიზებულია.

გაცემული სესხების 67% დოლარშია, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას იწვევს."

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ზურაბ კუკულაძის თქმით, შესაჩერებელია ქვეყნიდან დოლარის გადინება, რასაც წარმოება და ისეთი ტიპის ბიზნესის წახალისებაა დაეხმარება, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს, რადგან იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე 80/20-ზეა. ასევე, მისი თქმით, საჭიროა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომბლობის გამოსწორება.

"საქართველოს, დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს გადასახდელი.

თუ ეს ვალდებულებები ახალი ვალდებულებით ან გადავადებით არ დაბალანსდა, მომდევნო წელს ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება," - განმარტავს ის.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძის აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, მომავალში უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, აქცენტი გრძელვადიან ეფექტებზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გავლენას საგარეო ფაქტორებიც ახდენს, თუმცა მისი დასტაბილურებისთვის საჭირო ბერკეტები მაინც ხელისუფლების ხელშია.

"ლარის კურსი სტაბილურია, როცა ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, როგორც ეკონომიკის, ისე საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას უნდა ეხებოდეს," - განმარტავს ის.

გიორგი კეპულაძე ასევე აღნიშნავს, რომ მომავალში, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად, ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ანაკლიის პორტის, გზების, ხიდების მშენებლობა უნდა დაიწყოს, რათა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის შემოდინება მოხდეს.

რაც შეეხება კიდევ ერთი ანალიტიკოსის, დავით ასლანიშვილის მოსაზრებას, ის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის გამყარების საშუალებას, ლარისთვის ფუნქციის დაბრუნებაში ხედავს. "ეს არის გადახდის, გაცვლის და დაგროვების ფუნქცია.

მოსახლეობამ ფულის ლარში შენახვა უნდა დაიწყოს.

ყველამ უნდა გაიაზროს, რომ უცხოური ვალუტის მიმართ მოთხოვნა უნდა შეამციროს და ლარზე, პირიქით, გაზარდოს," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ სესხების ლარში გადაყვანის პოლიტიკა მართებულია.

დავით ასლანიშვილი ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზა გაიხსნას, ასევე ბაზარზე არამხოლოდ კომერციული ბანკები, არამედ, სხვა შუამავლები, საბროკერო და მიკროსაფინანსო კომპანიებიც იყვნენ. მისი თქმით, მეორადი ბაზარი უნდა განვითარდეს, რაც ლარში გამოსული ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას გულისხმობს.

"გარდა ამისა, კანონპროექტების მთელი ნუსხა უნდა შეიცვალოს, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ლარმა საგადასახადო ფუნქცია დაკარგა, რაც დოლარში გამოტანილი სესხის ლარზე მიბმას გულისხმობდა," - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ სამივე ანალიტიკოსის თქმით, მერყევი ვალუტის კურსი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული, თავდაპირველად ლარის გამყარება უნდა იყოს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz