რა განსხვავებაა ე.წ. ლარიზაციასა და გალარებას შორის | Allnews.Ge

რა განსხვავებაა ე.წ. ლარიზაციასა და გალარებას შორის

გარკვეულწილად ლარიზაციის და გალარების აღრევა მოხდა, გალარება ერთჯერადი, სოციალური პროექტია, რომლის განხორციელებასაც მთავრობა აპირებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მთავარის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

გვენეტაძე გამოეხმაურა ე.წ. ლარიზაციის გეგმის იმ ნაწილს, რომელიც იპოთეკარების დახმარებას ეხება. "დავიწყებ იმით, თუ რას სთავაზობს მთავრობა მოსახლეობას. მოხდა გარკვეულწილად აღრევა გალარების და ლარიზაციის.

გალარება ეს არის ის ერთჯერადი სოციალური პროექტი, რომლის დაფინანსებასაც მთავრობა აპირებს.

ეს კეთდება, რათა იმ მსესხებლებს, რომლებსაც აღებული ჰქონდათ სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებმაც ყველაზე მეტად განიცადეს კურსის ცვლილება, შეუმსუბუქდეთ გარკვეულად ტვირთი. არის ძალიან ბევრი წუხილი იმ ადამიანების, რომლებსაც ზუსტად ეს დაემართათ, რადგან აღებული ჰქონდათ სესხი დოლარში, ხელფასს იღებენ ლარში და სესხი გაუძვირდათ. აქედან გამომდინარე ჩაფიქრებულია ის ერთჯერადი აქცია, რომელიც სხვა ქვეყნებშიც იყო გამოყენებული და საქართველო ამ მხრივ უნიკალური არ არის", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეს არის სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, სესხის გალარების ვალდებულება არავის აქვს და ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითი იქნება.

"ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია იყო იმასთან დაკავშირებით, კარგია ეს თუ ცუდი. მაგალითად, ერთი მიზეზი იყო ის, თუ რატომ უნდა მოხდეს ვალის დაფარვა სუბსიდირებით, ანუ რატომ უნდა გადაიხადოს გადამხდელმა იპოთეკური სესხი. სხვანაირად უნდა შევხედოთ ამას - მედალს ორი მხარე აქვს. თუ ვიფიქრებთ იმას, რომ ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ძალიან გაურთულდა ცხოვრება, იმ მიზეზების გამო, რომ ლარი გაუფასურდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც დახმარება სჭირდება. გავიხსენოთ სტიქიები, რომლებიც რეგიონებში ხდება. სახელმწიფო მათ ეხმარება და სუბსიდირებას აკეთებს, ამ დროს არ გვაქვს განცდა, რატომ ვეხმარებით, ეს არის მოწყვლადი ფენა და სწორედ ამიტომ ვეხმარებით. ის მექანიზმი, რომელიც იქნება შეთავაზებული, მაქსიმალურად მოერგება მსესხებლის სიტუაციას. ბევრი საუბარია, რომ შესაძლოა სხვა პროცენტი იყოს მითითებული. რა თქმა უნდა დოლარის და ლარის პროცენტს შორის განსხვავება არის და ზუსტად განსხვავება არის ის საზღაური, დაზღვევა, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დანახარჯები გახდეს სტაბილური და პროგნოზირებადი. ეს საკითხი ბევრი მხრიდან არის განხილული, არ არის უნიკალური, ანუ ისეთი რამ, რაც არასოდეს მომხდარა. მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და ჩვენ გვინდა და ვაპირებთ, რომ ტექნიკურად დავეხმაროთ პროექტის განხორციელებაში. ეს არის ერთჯერადი სოციალური პროექტი", - განმარტა გვენეტაძემ.

myquiz