რატომ გაზარდეს ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა საწვავზე ტარიფები | Allnews.Ge

რატომ გაზარდეს ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა საწვავზე ტარიფები

ბოლო პერიოდში, საქართველოში ნებისმიერი ტიპის საწვავის ტარიფმა მოიმატა, რაც, ესპერტების შეფასებით, ოპეკის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებამ განაპირობა.

რატომ გვიწევს საწვავში მეტის გადახდა, ამის შესახებ Allnews.ge საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

"ლუკოილ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, შავლეგ მიშველაძის თქმით, კომპანიამ ყველა ტიპის საწვავის ფასს 5 თეთრი მოუმატა, რაც ორი ფაქტორითაა გამოწვეული.

"მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტარიფებია.

"ლუკოილ ჯორჯიას" შემთხვევაში, ფასების მატების ან კლების ტენდენციას ორი ფაქტორი, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ან ვალუტის კურსი იწვევს ან, ორივე ერთად, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს და ფასების კორექტირება მაქსიმალურად გვიან, გასულ ორშაბათს მოვახდინეთ," - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანია "გალფში" აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ტარიფის ზრდა მათ ქსელში საწვავის ფასზე პირდაპირ აისახა.

"საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა 10%-ით შეინიშნება და შესაბამისად, ნავთობის იმპორტიორ ყველა კომპანიასა და ჩვენს ქსელშიც ფასებმა მოიმატა. რაც შეეხება მომავალში ფასების ზრდის ან კლების ტენდენციას, ჩვენ ამაზე პროგნოზირებას ვერ მოვახდენთ, რადგან ეს პირდაპირ საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული," - აღნიშნა "გალფის" წარმომადგენელმა, ნინო ჯიბლაძემ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება საწვავის ფასის კორექტირებაზე აისახა.

"საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ერთ ტონა პროდუქტზე ფასმა დაახლოებით 10-12%-ით მოიმატა, შესაბამისად, ამ ფაქტორიდან და საქართველოში არსებული ვალუტის კურსიდან გამომდინარე კომპანიებს ფასების კორექტირება მოუწიათ. აბსოლუტურად მისაღებია ამ კომპანიების გადაწყვეტილება, რომ ფასები გაიზარდოს," - განმარტა მან და დასძინა, რომ მომავალში ფასების ზრდის ან კლების ტენდენციის პროგნოზირება რთულია, თუმცა ჯერჯერობით ბაზარზე ტარიფების მატება შეინიშნება.

"ჯერჯერობით, ლარის გამყარების ტენდენცია არ არის. მე არ შემიძლია დავადასტურო, რომ ზრდა გაგრძელდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ვალუტის დღევანდელი კურსი მასზე უარყოფითად აისახება," - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია 2 ივნისს გამართული ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების შეხვედრის შემდეგ შეინიშნება. მოლაპარაკებაზე ოპეკის ქვეყნებმა შავ ოქროზე მაღალი ტარიფის შესანარჩუნებლად ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება დადეს, რასაც ირანთან მიმართებაში წამოყენებული მოთხოვნების მიუხედავად, საუდის არაბეთიც შეუერთდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz