გაძვირდება თუ არა გაზი და ელექტროენერგია | Allnews.Ge

გაძვირდება თუ არა გაზი და ელექტროენერგია

საქართველოში ვალუტის კურსის ცვლილების ახალი ტალღა ტარიფების მატებას არ გამოიწვევს. "თელასი" და "ენერგო-პრო ჯორჯია" ამ ეტაპზე ცვლილებას არ განიხილავენ. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეიძლება გაძვირდეს იმ შემთვევაში, თუ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს მიაღწევს.

"ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ მოიმატებს," -  "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია.

"ჯერ-ჯერობით ტარიფების ცვლილების საკითხი ჩვენთან არ განიხილება," ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.

საქართველოში ეროვნული ვალუტის რყევები ენერგიის და გაზის ტარიფზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. წლიურ ენერგომომარაგებაში თბოსადგურების (სადაც ელექტროენერგია იმპორტირებული ბუნებრივი აირით იწარმოება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია. ბუნებრივი აირის და იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხდება.

"წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით 2.2-2.25 ნიშნულის ფარგლებში ველოდებით"

"თუ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს არ მიაღწია, ენერგო-დისტრიბუტორები ტარიფების მატებას არ მოითხოვენ," - ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.

"ახლა ის 2,3-სა და 2,4-ს შორის მერყეობს. მართალია, წინა წელს გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული, მაგრამ მაშინ ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა."

სომხეთს შეუძლია საქართველოსგან უფრო იაფად იყიდოს ელექტროენერგია

"აღნიშნულის გარდა, ტარიფების მატება მომწოდებლებზეა დამოკიდებული. ამ კუთხით, გაზის შემთხვევაში ობიექტური პრობლემები არ არსებობს. აზერბაიჯანთან საკმაოდ სტაბილური ხელშეკრულება გვაქვს. განსხვავებული სიტუაციაა ელექტროენერგიის შემთხვევაში. აქ ძირითადი წყარო ენგურჰესია, რომელიც თებერვლში გაჩერდება. მთავრობას ძალიან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რომ ადეკვატური რეზერვები მოძებნოს.

ენგურჰესი ძველი სადგურია და თავისი თვითღირებულება უკვე ამოღებული აქვს. შესაბამისად, მიღებული ენერგია იაფია. მისი გაჩერების შემდეგ ცვლილელები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა შეეხოს. სისტემამ ეს უნდა მოახერხოს," - განმარტავს არაბიძე.

საქართველოში ჰიდროექლექტროსადგურების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილი იმპორტირებულია, მაგრამ აქტიურად ხდება მისი ექსპორტიც.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის 2.3683. ზუსტად ერთი წლის წინ ის 2.3782 იყო. თუმცა მისი ცვლილება 1.75-დან დაიწყო და საბოლოოდ აღნიშნულ მაჩვენებელს მიაღწია.

უახლოეს მომავალში პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი "ენერგო–პრო ჯორჯიას" აბონენტებისათვის 3, 95 თეთრი/კვტ.სთ–ით (1,75 ცენტი/კვ.სთ) გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, აბონენტებისთვის, რომლებიც 101კვტ.სთ-ს მოიხმარენ, ტარიფი 12,954 თეთრია, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 16,93თეთრი, 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე კი — 21,45 თეთრი. იხილეთ გაგრძელება

ნანა მღებრიშვილი

myquiz