"პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა | Allnews.Ge

"პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

"სს "პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში განაცხადეს. სებ-ის ინფორმაციით, სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

"როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებას აქვეყნებს:

"იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "პროგრეს ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.

იმ შემთხვევაში, თუ 5 დღეში არ მოახდენთ თქვენი კუთვნილი თანხების ბანკიდან გატანას, მაშინ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორთა თანხების აკუმულირება მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებთ თქვენი კუთვნილი თანხების მიღებას.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლა და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნა.

თუ 5 დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია არ დაფიქსირება, თქვენი მხრიდან თანხმობა ავტომატურად ჩაითვლება გაცემულად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, თქვენი კუთვნილი თანხები დარჩება არა გარდაქმნილი ორგანიზაციის ბალანსზე, არამედ აღნიშნული თანხები განთავსდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად მოხდება მათი გაცემა", - ნათქვამია ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებაში.

myquiz