მოსალოდნელია თუ არა საქართველოში საწვავის გაძვირება | Allnews.Ge

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში საწვავის გაძვირება

ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ოპეკის" წევრი ქვეყნები შავი ოქროს მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ქვეყნები ადრე თუ 24 საათში 33,24 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ, ახლა ეს დღე-ღამეში 32,5-33 მილიონი ბარელით შეიზღუდება.

CNN-ის ინფორმაციით, "ოპეკის" წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე საუდის არაბეთის პოზიციის გამო ვერ თანხმდებოდნენ, რომლის მოთხოვნაც მისი მეტოქე ირანის მიერ მოპოვების ასევე შემცირება იყო. აღსანიშნავია, რომ ირანი სანქციების მოხსნის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

"ოპეკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულწილად მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის, საუდის არაბეთის პოზიციასაც ითვალისწინებს, თუმცა ეს ნედლეულის სხვა ექსპორტიორებისთვის ხელისშემშლელი არ იქნება, რადგან ირანს მომავალში მოპოვების გაზრდის უფლება მიეცა, ასევე ნიგერიასა და ლიბიას, რომელიც ტერორისტული აქტების გამო სერიოზულად დაზარალდნენ, ნავთობმოპოვების ახალი შესაძლებლობები შეექმნათ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობის მოპოვების შემცირების მიზანი ნედლეულზე ფასის ზრდაა.

"ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასი ძალიან დაბალია და 45-დან 47 დოლარამდე მერყეობს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნავთობის მოთხოვნას მისი მიწოდება აჭარბებს. რაც შეეხება საუდის არაბეთის ფაქტორს, ის მზადაა, შეამციროს მოპოვება, ხოლო ირანი ამ გადაწყვეტილებას არ უერთდება და ცდილობს, სანქციებამდე არსებულ მაჩენებელს დაუბრუნდეს," - განაცხადა მან.

ვანო მთვრალაშვილმა ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე ფასების კლების ან ზრდის პროგნოზირება რთულია, თუმცა რამდენიმე კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება, როგორც მსოფლიო, ასევე ქართულ ბაზარზე:

"ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ნავთობის ფასზე პროგნოზი გაკეთებულა, თუმცა შემდეგ არ გამართლებულა, ასე რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია," - განმარტა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების ინფორმაციით, პროდუქტზე ფასი ჯერჯერობით არ გაზრდილა.

კომპანია "გალფის" წარმომადგენელის, ნინო ჯიბლაძის თქმით, მოსფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ზრდა კომპანიის ქსელში საწვავის ფასზე ამჟამად არ ასახულა:

"წინასწარ არასოდეს არ ვიცით, თუმცა ფასები ცვლილება, როგორც წესი ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე,"- განაცხადა მან ALLNEWS.GE-სთან საუბარში.

საწვავზე ფასების ცვლილება არც "ლუკოილსა" და "რომპეტროლში" ასახულა ჯერ.

"ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია კომერციული პოლიტიკიდან გამომდინარე ცვლილება როგორ მოხდება," - აღნიშნა "რომპეტროლის" წარმომადგენელმა, ნუგზარ ხაჩიურმა.

CNN-ის ინფორმაციით, ნედლეულის ფასმა დაცემა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო და ბოლო პერიოდში ერთ ბარელზე 40$-დან 50$-მდე მერყეობდა, ამჟამად კი მისი ღირებულება 47,50$-ია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz