ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობა საჰაერო ტაქსებით გადაადგილებას შეძლებს | Allnews.Ge

ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობა საჰაერო ტაქსებით გადაადგილებას შეძლებს

ნოემბრიდან საქართველოში საჰაერო ტაქსები გამოჩნდება. "აჭარა ჯგუფი" შესაბამისი ლიცენზიის მოპოვებისთვის ემზადება, რის შემდეგაც ფრენები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება.

როგორც აჭარა ჯგუფის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს რიგი საკითხების დასაზუსტებლად.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით "აჭარა ჯგუფის" მიერ ერთი რვაადგილიანი ამერიკული თვითმფრინავია შესყიდული. როგორც ოთო ბერიშვილი ამბობს, ნოემბრიდან კომპანია არარეგულარულ ფრენებს განახორციელებს.

"ფრენები განხორციელდება ყველა იმ აეროდრომიდან, რომელიც ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, სვანეთი. ეს ფრენები იქნება არარეგულარული და მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება", - აღნიშნავს ოთო ბერიშვილი.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ფასად შესთავაზებს კომპანია ფრენებს მომხმარებლებს. ოთო ბერიშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ქრისტინე გამთენაძე

BPN.GE

myquiz