პარლამენტარები და მთავრობის წევრები ფულს ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავენ | Allnews.Ge

პარლამენტარები და მთავრობის წევრები ფულს ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავენ

პარლამენტისა და მთავრობის წევრთა უმეტესობა ლარს არ აღიარებს, როგორც ვალუტას. ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ეკონომიკის დოქტორმა, დავით ასლანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტარებს დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვთ და იგი ჯამში 2,4 მილიონი დოლარია.

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ხალხს მოუწოდა, ლარს ნდობა გამოუცხადეთო, გავაანალიზე პარლამენტისა და მთავრობის წევრთა დეკლარაციები, რათა გამეგო, თავად რა ვალუტებს ენდობიან. უმეტესობა ლარს ლამის არც აღიარებს, როგორც ვალუტას (შედარებით დაბალანსებული აქვთ ვალუტების თანაფარდობა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს)

კანონმდებლებს ასევე აქვთ დეპოზიტები ევროში - 700 ათასი, სტერლინგში - 166 ათასი და 5 მილიონი ლარი. რაც შეეხება პარლამენტარების სესხებს, დაახლოებით 14 მილიონი დოლარში აქვთ, 400 ათასამდე ევროში და მხოლოდ 1,4 მილიონი - ლარში.

მთავრობაში ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა. მის წევრთა უმეტესობას ლარში დეპოზიტები აქვთ მხოლოდ 380 ათასი, ევროში - 5 მილიონ ევრომდე და დოლარში - 5 მილიონ დოლარზე მეტი. 4 მილიონამდე სესხი აქვთ დოლარში, 460 ათასი - ევროში და ლარში - მხოლოდ 450 ათასი. გამოდის, ჩვენი მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების უმეტესობა კომერციული ბანკების კაბალაშია. მეორეც, ამ მონაცემებით ჩანს, რომ ლარს, ფაქტობრივად, თვითონ არ აღიარებენ გადახდის, დაგროვებისა და გაცვლით საშუალებად, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, დოლარს ნუ შეიძენთო. დეკლარაციების უმეტესობით ირკვევა, რომ მათ ლარი დოლარზე სწორედ 2014-2015 წლებში, ლარისთვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში დაახურდავეს", - აღნიშნა დავით ასლანიშვილმა.

მისივე განცხადებით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ დოლარის მასა გაზრდილია 100 მილიონით, ლარის მასა მიმოქცევაში 500 მილიონით, ხოლო დეპოზიტებსა და ანგარიშებზე - 838 მილიონით, რამაც ხელი შეუშალა ლარის გამყარებას.

ვინ ისარგებლა საქართველოში ლარის გაუფასურებით

"ამას დაემატა კიდევ 800 მილიონი დეპოზიტებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ზრდით და სხვა. ამიტომაც იყო, რომ ლარის გამყარება 2,5-დან დაიწყო და შემდეგ ისევ უკუპროცესი და მისი გაუფასურება მივიღეთ. რომ არა დოლარის შესუსტება სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, უფრო უარესი მდგომარეობა გვექნებოდა, ვიდრე ქადაგიძის დროს. ალბათ, კურსი იქნებოდა 2,40 - როგორც ბიუჯეტში აქვთ გაწერილი. ბიუჯეტის კორექტირება არ მომხდარა და ვეჭვობ, არც მოხდება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კურსი 2,40 არის იდეაფიქსი და ამოცანა, რისკენაც საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის.

თუმცა, გარკვეულწილად ამ ანალიზმაც აზრი დაკარგა, რადგან თავად მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსს 2,2-2,25 დიაპაზონში ელოდებიან; ისიც თქვა სებ-მა (არაპირდაპირ, მაგრამ აზრი ასეთი იყო), თუ ძალიან გამყარდა ლარი, ანუ 2,12-2,11-ზე ჩამოვიდა, ინტერვენციებს დავიწყებთ და თუ 2,5-მდე გაუფასურდა, მაშინ პირიქით მოვიქცევითო. შესაბამისად, უკვე წინასწარ არის ცნობილი ლარის კურსის დიაპაზონიც და მიზნობრივი მაჩვენებელიც.

"წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით 2.2-2.25 ნიშნულის ფარგლებში ველოდებით"

გასათვალისწინებელია, რომ ცოტა ხანში რთველის სუბსიდირების პროგრამა დაიწყება და ეს ბიუჯეტიდან ლარის დამატებით ხარჯვას გამოიწვევს, რაც ასევე გაზრდის მიმოქცევაში ფულის მასას. თავის როლს თამაშობს საარჩევნო ფაქტორიც. მოკლედ, საკმაოდ მძიმე მუშაობა მოუწევთ ერთდროულად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს, რომ ასეთ ვითარებაში ლარის კურსი ისე შეინარჩუნონ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. არჩევნებამდე ერთგვარი ნევროზულობა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებით, ხოლო დაახლოებით 20 ოქტომბრიდან მძიმე სეზონი იწყება და ქმედითი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ლარის კურსის სტაბილურობისთვის", - აღნიშნა ასლანიშვილმა.

 

 

myquiz