ყველაფერი, რაც დამწყებმა ბიზნესმენმა "სტარტაპ საქართველოს" პროექტზე უნდა იცოდეს | Allnews.Ge

ყველაფერი, რაც დამწყებმა ბიზნესმენმა "სტარტაპ საქართველოს" პროექტზე უნდა იცოდეს

"სტარტაპ საქართველოს" პროექტზე 726 განაცხადია წარდგენილი.

როგორც ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 726 განაცხადიდან 146 შესულია მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში და 580 ინოვაციების კომპონენტში.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა მაღალტექნოლოგიური კომპონენტების პროექტები ძირითადად არის შემდეგი დარგებიდან: საფინანსო ტექნოლოგიები; განახლებადი ენერგეტიკა; ბიოტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ხელოვნური ინტელექტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები" მობილური აპლიკაციები; ელექტრონული სწავლება და სხვა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი განაცხადი შესულია თბილისიდან. კონკრეტულად 262-მა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებობით. ასევე აქტიურობით გამოირჩევა შემდეგი რეგიონები: იმერეთი - 48 განაცხადი, კახეთი - 44; აჭარა - 37; მცხეთა-მთიანეთი - 33 განაცხადი.

მინისტრის განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "სტარპატ საქართველოს" შესაძლებობებით ისარგებლა საქართველოს გარეთ მცხოვრებმა საქართველოს 56 მოქალაქემაც.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია.

"განაცხადების განხილვა მოხდება ორ ეტაპად. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების ზოგადი განხილვა, კერძოდ შეფასდება ინოვაციურობის ელემენტის არსებობა და წარმოდგენილი იდეის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, მიზნებთან და ამოცანებთან. მეორე ეტაპზე მოხდება არსებითი განხილვა, რაც მოიცავს კონკრეტული განაცხადის რისკების, ბიზნესმდგრადობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, პროექტის განმახორციელებელი გუნდის უნარებისა და სხვა მახასიათებლების შეფასებას.

პირველ ეტაპზე მოწონებულ ყველა ბიზნესიდეაზე მომზადდება პრეზენტაცია და წარედგინება კომიტეტს. საბოლოოდ შერჩეული განაცხადები მიიჩნევა კონკურსში გამარჯვებულად.

ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, რომელიც შედგება 9 წევრისგან, რომელიც შედგება საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა.

რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ორი თვის მანძილზე შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ახალი ინოვაციური ბიზნესიდეის მოფიქრება და შესაბამისი განაცხადის შეტანა. მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს რეგიონი პროგრამაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ბიზნესის დაწყების საშუალება მისცემოდათ.

"სტარტაპ საქართველო" დაიწყო იმისთვის, რომ საქართველო შეიცვალოს უკეთესობისკენ, გააჩინოს ახალი შესაძლებლობები და სამეწარმეო სულისკვეთება განავითაროს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

myquiz