რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინისა და ბორჯომის იმპორტი აიკრძალოს | Allnews.Ge

რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინისა და ბორჯომის იმპორტი აიკრძალოს

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი.

როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა "ლენტას" განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს.

"ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ", - განმარტა რუსმა დეპუტატმა.

მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა "სისულელე" ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა.

სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.

myquiz