ქართველი მეყვავილის ბიზნესი სიდნეიში | Allnews.Ge

ქართველი მეყვავილის ბიზნესი სიდნეიში

თბილისში მცენარეების კოლექციონერები საკმაოდ ბევრი გვყავს, თუმცა სუკულენტების ასეთი მრავალფეროვნება მხოლოდ სიდნეიში აღმოვაჩინე.

სოფო ჩხეიძე სიდნეიში 2013 წლიდან ცხოვრობს, ოჯახთან ერთად ის თბილისში დაწყებულ საყვარელ საქმეს - ყვავილებით დიზაინის შექმნას აგრძელებს. მის მრავალფეროვან კომპოზიციებში, გვხვდება სუკულენტების სხვადასხვა სახეობა. ჩვენ სიდნეიში სოფოს დავუკავშირდით:

- ყვავილებმა დაახლოებით 15 წლის წინ გამიტაცა. ნელ-ნელა შევიძინე უამრავი სახეობა, 2010 წელს თბილისში პატარა მაღაზია გავხსენი, სადაც ჰოლანდიიდან ჩამოტანილ ყვავილებს ვყიდდი. ჩემი მაღაზია პირველი იყო, სადაც შეგეძლოთ სხვადასხვა კომბინაციის ნახვა-შეძენა. შემდეგ სიდნეიში გადმოვსახლდი და საქმიანობა აქ გავაგრძელე.

- თქვენს კომბინაციებში სუკულენტების სხვადასხვა სახეობაა...

- ყოველთვის განსხვავებულად მიყვარდა სუკულენტები, თუმცა ჩვენთან თბილისში არც ისე დიდი არჩევანია. აქ უმეტესად სუკულენტებზე ვმუშაობ.

ვამრავლებ და მაქვს ჩემი მცენარეებიც, რომელთაც არ ვყიდი.

- თქვენი სუკულენტების ფერადოვნება საკმაოდ დამაინტერესებელია, რომელი სახეობები გაქვთ?

საქართველოში ძირითადად გვხვდება მწვანე სუკულენტები, აქ ისინი მრავლადაა. მაგალითად, Euphorbia Fire Sticks-ი ხესავით იზრდება, წვრილი ტოტები აქვს და დღეში 4-6 სთ მზეში უნდა იყოს, სასურველი ფერი რომ მიიღოს.

მზის სხივები მის ფოთლებს წითელ ელფერს აძლევს, ჩრდილში კი აბსოლუტურად მწვანეა.

Portulacaria Afra Varigated-ი ბუჩქოვანია, აქვს მწვანე ფერში გარდამავალი პატარა ყვითელი ფოთლები.

რაც მეტხანს დავტოვებთ მზეზე, ფოთლები უფრო ყვითლდება და ზოგჯერ მოწითალოც დაჰკრავს. ულამაზესი სუკულენტია და ხშირად ვიყენებ კომპოზიციების გასაწყობად.

- ყურადღებას იქცევს შავი ფერის სუკულენტიც...

- რაც შეეხება შავი ფერის სუკულენტებს, მაქვს Echeveria black night, მაგრამ ჩემი ფავორიტია Sedum dragon blood, რომელიც ჩრდილში მწვანე სუკულენტად იქცევა. თუ საკმარის მზეს მიიღებს მუქი შინდისფერი ხდება.

კიდევ საინტერესოა Aeonium-ი, რომელსაც ზაფხულში ძილის პერიოდი აქვს, ზამთარში კი იზრდება.

ბუნებრივ პირობებში მათ ზამთრის სიცივე ზრდისთვის ესაჭიროებათ. ცოტა წყალი სჭირდებათ და ჩრდილსაც იტანენ.

- როგორია მათი გამრავლების წესი?

- ფოთლოვან მცენარეებს ზოგიერთს თავისით გამოაქვს ახალი ძირები, მაგრამ არის სხვა გზაც. შეგვიძლია სუკულეტს ფოთლები დავაცალოთ, მაგრამ არ უნდა მოვატეხოთ, მთავარ ფესვს ფრთხილად უნდა მოვაშოროთ. შემდეგ მიწაზე უნდა მოვათავსოთ და 2 კვირაში თავად დაფესვიანდება.

ეკა გადახაბაძე

 

 

myquiz