"თუ ლარმა დაღმასვლა გააგრძელა, ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე აუცილებლად აისახება" | Allnews.Ge

"თუ ლარმა დაღმასვლა გააგრძელა, ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე აუცილებლად აისახება"

ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედოს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ ლარის კურსი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი თემაა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის ვარდნას საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობაც ფეხდაფეხ მიჰყვეს. იმ შემთხვევაში, თუ ლარმა გაუფასურება გააგრძელა, რასაც თავისთავად ინფლაცია მოჰყვება, ოქტომბრის არჩევნებს "ოცნება", სავარაუდოდ, ერთიორად შემცირებული მხარდამჭერით შეხვდება.

ძლივს გამყარებული ლარი უკვე რამდენიმე დღეა ზედზედ უფასურდება. თუ ათიოდე დღის წინ ერთი დოლარი 2,12 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლარის მიმართ უკვე 2,35%-ის ნიშნულზეა. გამყარებისას მთავრობაში ამბობდნენ, რომ პროცესი გაგრძელდება და დამაიმედებელ პროგნოზსაც აკეთებდნენ. მას შემდგე, რაც ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, ხელისუფლების წევრებს განმარტებები აღარ გაუკეთებიათ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტარი მხოლოდ მაშინ გაკეთდა, როდესად "ბრექსიტის" შედეგები გამოქვეყნდა და ბრიტანული ფუნტი გაუფასურდა. ამ დროს მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზად სწორედ ბრიტანეთის ამბები მოიყვანა.

ხალხს კი ლარზე ბრიტანული გავლენის ნაკლებად სჯერა და პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ნებისმიერ სტატიას, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე იწერება, სოციალურ ქსელსა თუ საინფორმაციო საშუალების ვებ-გვერდზე უამრავი შეფასება მოჰყვება. აბსოლუტური უმრავლესობა ლარის ვარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობის საყვარელ ფრაზას - "გარე შოკებს" - ყურით მოთრეულს უწოდებს.

"რა დროს გარე შოკია, ხელისუფლება ვერ აკეთებს საქმეს და სახლში უნდა წავიდეს", - "მალე მოვა ოქტომბერი"... "ასეთი კურსით უნდა "ოცნებას" ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება?" - ამგვარ ფრაზებს ლართან დაკავშირებით დაწერილი სტატიების კომენტირებისას ხშირად წაიკითხავთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის კურსი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია და ლარის არასტაბილურობაში დამნაშავედ ხელისუფლება მიაჩნიათ, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ ლარმა დაღმასვლა გააგრძელა, ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე აუცილებლად აისახება. ამას ეკონომისტები და მარკეტოლოგები პირდაპირ მიუთითებენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილის თქმით, ლარის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ეროვნული ვალუტის ხან გაუფასურება, ხან კი გამყარება საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას ტოვებს.

"ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ეკონომისტების და მთავრობის წევრების განმარტება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ხშირად ექსპერტები მიზეზად შიდა სიტუაციას ასახელებენ და გარე ფაქტორებს ნაკლებად მნიშვნელოვანს უწოდებენ. მთავრობის წევრები კი, პირიქით, შიდა ფაქტორებს უმნიშვნელოს უწოდებენ და გარე ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური მხარის, ანუ ექსპერტების შეფასებას. თუ ისინი იტყვიან, რომ ლარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და საგარეო მოვლენები ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, სადაც დამნაშავე მთავრობა იქნება. ეს კი იქონიებს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზეც, არჩევნებზეც და ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის მართვაზეც", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პირმისაშვილმა.

თუკი დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები ლარის კურსის ირგვლივ ხელისუფლების ბრალეულობაზე ისაუბრებენ, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ხელისუფლებასა და მათ რეიტინგზე.

"ამ შემთხვევაში, თუ არ შეიქმნა ასეთი აზრი და ხალხი იფიქრებს, რომ ყველაფერი გარე ფაქტორებს უკავშირდება, მაშინ რეიტინგზე გავლენას ეს ვერ მოახდენს. დღეს უამრავ ადამიანს აქვს სესხი დოლარში, მათთვის ძალიან მტკივნეულია ლარის კურსის ვარდნა და ისინი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი. ასეთი ადამიანები ბევრი არიან. თუ მათ პოზიციას ექსპერტების შეფასებაც დაემატა, ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი აზრი და მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს", - განაცხადა პირმისაშვილმა.

ლარის გაუფასურება კარგი არ არის. ჩვენი მოსახლეობისთვის მთავარი ინდიკატორი მაცივარი და ფასებია, - აცხადებს ეკონომისტი გია ხუხაშვილი. ადამიანებისთვის, ვისაც სამსახური არ აქვს, მნიშვნელოვანი არა დევალვაცია, არამედ ინფლაციაა.

"რაც შეეხება კურსის თამაშს, ეს, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ეკონომიკა და ასეთ სიტუაციაში გარე ფაქტორები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, იმპორტირებულს ვჭამთ და ადამიანებს ვასაქმებთ არა საქართველოში, არამედ უცხოეთში. ამ დროს ჩვენ უნდა შევიძინოთ მყარ ვალუტაში პროდუქტი და ფული უნდა მივიღოთ ბირჟიდან. შესაბამისად, ხდება ვალუტაზე დაწოლა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს კურსს. რატომ ვარდება კურსი? იმიტომ, რომ ვალუტაზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება.

ამ პრობლემის გადალახვის მექანიზმი არის ერთადერთი - უნდა გვქონდეს საკუთარი წარმოება, უნდა ვიყოთ რაც შეიძლება თვითკმარი და ამით არა მარტო ვალუტის კურსს დავაზღვევთ, არამედ ინფლაციურ პროცესებსაც. ეს არის ერთადერთი გარანტია სტაბილური ვალუტის", - განაცხადა ხუხაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ ლარმა დევალვაცია გააგრძელა, ცხადია, ეს ინფლაციურ პროცესებზეც ჰპოვებს ასახვას.

"თუ ფასების ზრდა მოხდა, ეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც აისახება.

დღეს საშუალო ქართველი ცხოვრობს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე და ნებისმიერი ასეთი პროცესი, ბუნებრივია, სოციალურ რისკს კიდევ უფრო ზრდის. სოციალური რისკის გაზრდა კი თავისთავად ნიშნავს ხელისუფლების რეიტინგის ვარდნას", - დასძინა ხუხაშვილმა.

ეკონომისტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგს ვარდნა არ აკლია და ლარის გამყარების შემთხვევაში, მისი ზრდა ვერ მოხდება. ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი ახლა ისაა, რომ სებ-ის პრეზიდენტი ქადაგიძე აღარაა და საკუთარ რიგებში დამნაშავეს ვერ გამოამჟღავნებენ.

"როდესაც ლარზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ, თუ რამ გამოიწვია ერთის მხრივ ლარის გამყარება და მეორე მხრივ, მისი ისევ გაუფასურება. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება განსხვავებული მიდგომა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ეკონომისტი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ორიგინალურ მიდგომას გვთავაზობდა, თუ რატომ მყარდებოდა ლარი.

ის ამბობდა, რომ ივნისში ლარის გამყარების მიზეზი იყო ბიძინა ივანიშვილის რეზონანსული აქტიურობა. მეორე ანალიტიკოსი, მომავალი პარლამენტარი კი გვამცნობდა, რომ ივნისის მეორე ნახევარში ლარის დევალვაციის მიზეზი კერძო კომპანიების მიერ საგარეო ვალის დაფარვის შედეგად იყო გამოწვეული. მისი აზრით, ეს იქნება მოკლევადიანი გაუფასურება. რა მოხდება და რომლის აზრი გამართლდება, ივლისის დასაწყისში ვნახავთ.

რაც შეეხება რეიტინგს, დღეს "ქართული ოცნებისთვის" ის პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მათ სრული მოცულობით აითვისეს "ნაციონალური მოძრაობისგან" ნაანდერძევი მანკიერი საარჩევნო ხრიკები", - დასძინა ცისკარიშვილმა.

ლარის კურსის ცვალებადობასთან საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით. კერძოდ, მარტში, პირველი კვარტალის მიწურულს ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დაეცა. ახლა მეორე კვარტალი იწურება და ლარი ისევ უფასურდება. ეს, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ ყოველი კვარტალის ბოლოს ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გასტუმრების პერიოდი უდგება და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვას ახორციელებს. მესამე კვარტალის ბოლო სექტემბერში უწევს და გამორიცხული არაა, რომ ლარმა მორიგი ვარდნა სწორედ წინასაარჩევნოდ განიცადოს. ეს კი ცხადია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას მოახდენს. როგორ გამოძვრება ამ ყველაფრიდან ხელისუფლება, ძალიან ძნელი სათქმელია.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz