მაყვლისა და ჟოლოს ბაღები სოფელ სათემოში - "2 საათში დაახლოებით 200-300 კილოგრამამდე მოსავალს ვიღებთ" | Allnews.Ge

მაყვლისა და ჟოლოს ბაღები სოფელ სათემოში - "2 საათში დაახლოებით 200-300 კილოგრამამდე მოსავალს ვიღებთ"

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ სათემოში, რომელიც გორისა და ატენის ეპარქიაში შედის, მაყვლის, ჟოლოსა და მარწყვის შეუდარებელი ბაღები აღმოვაჩინეთ.

აგრონომი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ პროექტს ერთი წლის მანძლზე USAID აფინანსებდა. კონტრაქტი ითვალისწინებდა, ამ პერიოდის განმავლობაში გამოყვანილი ნერგები თუ მიღებული მოსავალი დამფინანსებელი კომპანიის კუთვნილება ყოფილიყო, ერთი წლის შემდეგ კი პროექტის ხელმძღვანელობა მთიანად პროექტის ავტორს გადაეცა.

მაყვლისა და ჟოლოს ნარგავები რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული. ჩვენ ბატონ გიორგი კიკნაძეს ვესაუბრეთ:

- რომელი ჯიშის კენკროვანი მცენარეები გაქვთ?

- ჩვენ გვაქვს ამერიკული ჯიშის მაყვლისა და ჟოლოს რამდენიმე სახეობა. მაყვლის ორი სახეობა გვაქვს: ჩესტერი და ტრიპკოუ, ხოლო ჟოლოსი : ჟოზეფინა, ნოვა, კაროლინა და ჟაკლინი. მათი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მაყვლისა და ჟოლოს ყველა ჯიში უნაკლო ნაყოფს გვაძლევს.

- როგორ უვლით მათ? რაიმე განსაკუთრებულ ხერხს ხომ არ მიმართავთ?

- რომ ნაყოფთან ერთად ჩვენ ნერგებიც გამოგვყავს. ჟოლოს ნერგების დაწიდნვა აგვისტოშია შესაძლებელი, შემდეგ ის მიწაში ფესვს იკეთებს. როგორც ჟოლოს, ასევე მაყვლის სახეობები ადვილად მოსავლელია. მათ არ სჭირდებათ სპეციალური ხსნარებით შეწამვლა და დამუშავება. შუა პერიოდში - გაზაფხულიდან აგვისტოს ბოლომდე მხოლოდ ვმარგვლავთ და ვასუფთავებთ.

- ნაყოფი საჭიროებს ბიო დანამატებს?

- ამ ჯიშებს კარგი ნაყოფი აქვთ. თავდაპირველად, ახალი ნერგის ნაყოფს სიმჟავე დაკრავდა , შემდეგ, როცა ნერგები მოძლიერდნენ მისი ნაყოფიც ყოველწლიურად უმჯობესდება და შესაბამისად, უფრო ტკბილიცაა.

ჩვენ შხამ-ქიმიკატებს არ ვიყენებთ. გასხვლის შემდეგ იწყება მისი გაბმა, რათა მცენარეს ფორმა მიეცეს.

მათ მავნებლები არ აწუხებს, ნაყოფი ისეთ პერიოდში მოდის, რომ სეტყვაც არ აზიანებს. სასუქები არაა საჭირო. თუ ნაყოფი ფუჭდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ბიო დამატენიანებლების გამოყენება. შარშან დაახლოებით 15 ტონა ამერიკული ჯიშის მაყვალი მოვიყვანეთ. ჟოლოც რომელიც 1,020 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული , 15-დან 20 ტონამდე ნაყოფს გვაძლევს.

- რამდენად დიდია მოთხოვნა?

- ახლა, როცა სახელმწიფო პროგრამით ბიზნესის 70 % ფინანსდება, ხალხი უფრო დაინტერესდა ჩვენი ბაღებით, ჩვენ ნაყოფთან ერთად სანერგეებიც გვაქვს და ამით ევროპის ბაზარია დაინტერესებული. თუმცა გვაქვს პრობლემაც. ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი სპეციალური სამაცივრე დანადგარები, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ნაყოფის შენახვას.

მოსავლის აღება ყოველ დღე 06:00 საათიდან იწყება და 2 საათში დაახლოებით 200-300 კილოგრამამდე მოსავალს ვიღებთ, მოსავლის აღება მზის ამოსვლამდე ხდება. სამაცივრე დანადგარები რომ გვქონდეს, ევროპელი ბიზნესმენებისთვისაც უფრო სტაბილური პარტნიორები ვიქნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაშიც დიდ წვლილს შევიტანდით. დღეს უკვე 10 ადგილობრივი მცხოვრები გვყავს დასაქმებული და თუ ისევ გაგრძელდება მსგავსი საქმიანობის ხელშეწყობა, უფრო მეტ სარგებელსაც მოვიტანთ.

- რამდენად დიდია მოთხოვნა ევროპის ბაზარზე?

- ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართელოში. ისინი ითხოვენ სტაბილურ პარტნიორს. 100 ტონამდე მარაგი მაინც უნდა გვქონდეს, რათა მათთან პარტნიორობა შევძლოთ. ეს საქმიანობა საქართველოს სხვა კუთხეებშიც უნდა გავრცელდეს, რადგან მაყვალი და ჟოლო თითქმის ყველგან ხარობს, მისი მოვლაც ადვილია.

ეკა გადახაბაძე

myquiz