როგორი ბინები იყიდება თბილისში 15-25 ათას დოლარად? | Allnews.Ge

როგორი ბინები იყიდება თბილისში 15-25 ათას დოლარად?

ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით შემოთავაზებას - "ბინები თბილისში 15-25 ათას დოლარად". "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა - რა კატეგორიის ბინებია ეს და უძრავი ქონების ბაზარზე გაიაფების ტენდენცია ხომ არ იკვეთება?

ამ შეკითხვით საინფორმაციო ვებგვერდ saqme.ge-ს რედაქტორს, ლელა არაბულს მივმართეთ:

ლელა არაბული - თუ შარშანდელ სიტუაციას შევადარებთ, ბინები წელს მართლაც გაიაფებულია. ჩემი აზრით, იმ ადამიანებისათვის, ვისაც შემოსავალი დოლარში აქვს, ან რაღაც დანაზოგის მფლობელია, უძრავი ქონების შესაძენად ახლა ძალიან კარგი პერიოდია. მათთვის საკმაოდ ადვილი და ხელსაყრელი იქნება ბინის შეძენა.

ლელა არაბულის შეფასებით, ბაზარზე იაფი ბინების გამოჩენა ლარის კურსის გამყარებამაც გამოიწვია, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შემოსავალი ლარში აქვს და დოლარის შეძენაც გაადვილდა:

ლელა არაბული: ჩემი აზრით, დიდი როლი შეასრულა ლარის გამყარებამ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძირითადად გაიაფებულია გარეუბანში არსებული პატარა ბინები. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია, ამიტომ მოთხოვნილება უფრო იაფფასიან ბინებზეა, ამავე დროს, საქართველოში ბევრს აქვს ბანკის ვალი, აქედან გამომდინარე, ბევრი ყიდის ბინას, რომ ვალი დაფაროს და შედარებით პატარა ბინის ყიდვას ამჯობინებს. ქალაქში გაჩნდა მანსარდული სტილის დაშენებები, რომელიც ასევე იაფია. ასეთი ბინები 20-24 ათასადაც იყიდება, ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში. ჩვენი დაკვირვებით, ბევრი ყიდულობს შავ კარკასს - ამ ტიპის უძრავი ქონება საკმაოდ კარგად იყიდება, რადგან იაფია. დედაქალაქის ცენტრში 1 კვ.მ. ფართობი 400-420 დოლარი იშვიათად ღირს, თუმცა მანსარდული ტიპის ბინები დაახლოებით ამ ფასად იყიდება.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ნელი გოგუაძეც ამბობს, რომ იაფფასიანი ბინები ძირითადად გარეუბნებში გვხვდება:

- მეც ვფიქრობ, რომ იაფფასიანი ბინები ძირითადად გარეუბნებშია, მაგრამ გარეუბანსაც გააჩნია. 20-21 ათასად შეიძლება იყიდოთ შედარებით კარგი ბინა. სხვათა შორის, თემქაზე იყო საერთო საცხოვრებელი, რომელიც პრივატიზებული იყო და იქ იყიდებოდა ბინები საკმაოდ იაფად. იაფია მცირე ფართის ბინები - ისინი უფრო ადვილად იყიდება, ადვილად ქირავდება და მათზე მოთხოვნაც უფრო დიდია. ერთოთახიან ბინებში 1 კვ.მ. 400-450 დოლარად იყიდება, მაგრამ ეს ძირითადად შავი კარკასებია, რომელიც არ არის დატიხრული და მხოლოდ მეტალოსპლატმასის კარ-ფანჯარა აქვს ჩასმული.

მშენებლებსაც უღირთ ასეთი ბინების აშენება და გაყიდვა, რადგან 20-25 ათასი დოლარი - ეს არის თანხა, რომელსაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად წვდება ჩვენი მოსახლეობა. ჩემი დაკვირვებით მაღალფასიანი ბინები, რომლებიც ძვირია, თვეების განმავლობაში არ იყიდება. ამიტომ ანიჭებენ მშენებლები ერთ და ოროთახიან ბინებს უფრო დიდ მნიშვნელობას: ერთოთახიან ბინებს ჩვენი მოქალაქეები ან საცხოვრებლად ყიდულობენ, ან იმისათვის, რომ გააქირაონ და შემოსავლის წყაროდ აქციონ.  წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz