საქართველოში წარმოებული კარტოფილი ფრი ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება | Allnews.Ge

საქართველოში წარმოებული კარტოფილი ფრი ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება

ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში წარმოებული კარტოფილის ფრი ქართულ ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება.

კომპანია "ფრეკო" საწარმოს მშენებლობას 15 ივნისიდან დაიწყებს. სექტემბრამდე კი სამუშაოების დასრულება და საწარმოს სრულად აღჭურვაა დაგეგმილი.

როგორც "ფრეკოს" დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, პირველ ეტაპზე პროდუქციის ძირითადი ნაწილი რესტორნებსა და კაფე-ბარებს მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრების ათვისებას კომპანია აჟამად არ გეგმავს.

"ეს იქნება გაყინული კარტოფილის ფრის საწარმო, წარმოებისას მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას გამოვიყენებთ. შესაბამისი სათესლე მასალა ჰოლანდიიდან უკვე ჩამოვიტანეთ. ფრის დასამზადებლად კონკრეტული ჯიშების გამოყენებაა საჭირო. ამჟამად ჩვენს

სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის 8 სახეობა გადის ტესტირებას და მათგან საუკეთესოს შერჩევა უკვე სექტემბრიდან მოხდება. პროცესში ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერების ჩართვაც იგეგმება", - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.

რაც შეეხება ტექნოლოგიას, ირაკლი ქურდაძის განმარტებით, საწარმოში კარტოფილი შოკ-მაცივარში მინუს 40 გრადუსზე გაიყინება, რის შემდეგად 1 და 2,5 კგ-იან შეფუთვებში დაფასოვდება. პირველ ეტაპზე პროდუქციის სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულის ანალოგიური იქნება და ბითუმად შეძენის შემთხვევაში, კილოგრამზე 2 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს, ხოლო საცალო ფასი 4 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრება.

,,პირველივე წელს იმპორტის 10%-ის ჩანაცვლებას მოვახერხებთ. დღესდღეობით საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრი სამი ქვეყნიდან შემოდის. ძირითადი მომწოდებელი ჰოლანდია, ბელგია და პოლონეთია. ტრანსპორტირებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რაც პროდუქტს აძვირებს. ჩვენ შეგვიძლია, იმპორტირებულ პროდუქტს კონკურენცია ხარისხითა და ფასით გავუწიოთ", - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ. იხილეთ გაგრძელება

ქრისტინე გამთენაძე

myquiz