ლარის გამყარება გრძელდება - როგორია ეკონომისტების პროგნოზები | Allnews.Ge

ლარის გამყარება გრძელდება - როგორია ეკონომისტების პროგნოზები

თითქმის ერთ წლიანი გაუფასურების შემდეგ, ლარმა გამყარება ელვის სისწრაფით დაიწყო. ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად მყარდება.

როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარების ტენდენცია, რა ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს ეროვნული ვალუტის კურსი და რამდენად კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის ლარის სწრაფი გამყარება, ამ კითხვებით Allnews.ge-მ ეკონომისტებს მიმართა.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტის, ბესო ნამჩავაძის თქმით, კონკრეტული ნიშნულის დასახელება, თუ სადამდე გამყარდება ლარი, რთულია, თუმცა ამბობს, რომ "ლარის კურსი 2.01-დან 2.10-ს შუალედში დაიწევს".

"ვფიქრობ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება იმიტომ, რომ ბევრი დრო აღარ დარჩა ტურისტული სეზონისთვის, მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება საქართველოში ტურისტების აქტიური შემოსვლა, თუნდაც ამის ხარჯზე ველოდები ლარის გამყარებას.

"ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში ლარის გამყარებისკენ მოლოდინია შექმნილი, თუ მანამდე ყველას უნდოდა, რომ დოლარში შეენახა ფული და ლარს რაც შეიძლება სწრაფად იშორებდა ხელიდან, ახლა პირიქითაა, იმის შიში აქვთ, რომ დოლარში დანაზოგები არ გაუფასურდეს და ცდილობენ დოლარი დროულად გაცვალონ ლარში, რომ მერე უფრო ნაკლები კურსით არ მოუწიოთ გადაცვლა", - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

ეკონომისტის თქმით, ლარის ასე სწრაფი გამყარება არც ისე სახარბიელოა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

"მეორე საკითხია, რამდენად გვინდა ლარის ასე სწრაფად გამყარება გაგრძელდეს? ეკონომიკური თვალსაზრისით, არ არის სასურველი ასეთი სწრაფი გამყარება.

ლარის გამყარება ნიშნავს, საქართველოს ექსპორტის გაძვირებას სხვა ქვეყნებისთვის და პირიქით, იმპორტული პროდუქციის გაიაფებას საქართველოში, ანუ იმპორტი გაიზრდება, ექსპორტი შემცირდება და ეს ქვეყნისთვის ცუდია.

ამას გარდა, ტურისტი რომ ჩამოვა ქვეყანაში, სიტყვაზე 500 დოლარით უფრო ნაკლებ ლარს იყიდის, ხოლო თუ დოლარის კურსი მაღალი იქნება, უფრო მეტ ლარს იყიდის.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, პაატა შეშელიძის თქმით, ლარის გაუფასურება დიდწილად ხელოვნური პროცესი იყო. როგორც ის ამბობს, იმის განსაზღვრა, თუ რა კურსი იქნება მომავალში, ძნელია, რადგან ეს დამოკიდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე.

"გაცვლითი კურსი არ არის თავისუფალი საბაზრო კურსი, რათა ჩვენ სრულყოფილი პროგნოზი შევძლოთ. მისი დადგენა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, მოქმედებს ძალიან ბევრი სხვა გადაწყვეტილება, რომელსაც ასევე ეროვნული ბანკი იღებს - ფულის მასა, რეფინანსირების სესხების გაცემა - არ გაცემა და მათი მასშტაბი და ა.შ. ამიტომ, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

თვითონ ეროვნული ბანკიც ვერ იტყვის, რადგან ვითარება მუდმივად ცვალებადია და საბაზრო მოთამაშის რეაქცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე პროგნოზს არ ექვემდებარება.

"ლარის გაუფასურება დიდწილად ხელოვნური პროცესი იყო.

აქედან გამომდინარე, ვერანაირ ბერკეტს ვერ ვხედავ იმისა, რომ სწორად განვსაზღვროთ თუ რა იქნება პერსპექტივად, თუკი ზუსტად არ გვეცოდინება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ემისიაზე, რეფინანსირებაზე და ძალიან ბევრ სხვა საკითხზე.

მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ლარი უფრო და უფრო გამყარდება ან არ გამყარდება, ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკან არგუმენტები არ დევს", - ამბობს პაატა შეშელიძე.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz