ბიზნესი სახლიდან გაუსვლელად | Allnews.Ge

ბიზნესი სახლიდან გაუსვლელად

ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა საქმიანობის წახალისებას. დღეს გაცილებით მარტივია სახლიდან გაუსვლელად ბიზნესის დაწყება. შედეგად ბოლო პერიოდში ბევრ ადამიანს შეხვდებით, ვინც სახლში საქმიანობს და შემოსავალიც ნორმალური აქვს, ასეთი ხელნაკეთი ნივთების ბიზნესია.

ზოგი ქსოვს, ხატავს, ძერწავს, აკეთებს სხვადასხვა სახის სუვენირებს, აწყობს სამკაულებს და ა.შ. ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს გავესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დაიწყეს ბიზნესი და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნივთები ქვეყნის გარეთაც გაყიდონ.

24 სოფომ და 22 წლის თამუნამ საკუთარი ბიზნესი სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. სახლში მუშაობენ, შეკვეთებსაც იღებენ და თავიანთ გაკეთებულ ნივთებს ქვეყნის მასშტაბით ყიდიან. ჯერ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მუშობენ, მათ სახლში მიტანის სერვისიც აქვთ.

"ჩვენ სხვადასხვა დიზაინის ჩოკერებს, პოლიმერული თიხის ნაკეთობებს ვაკეთებთ, ძირითადად ყელსაბამებს, DreamCatcher-ებს, რომელიც დღეს ძალიან მოდურია, ყელსაბამებს ქილის ფორმით. ასევე ვამზადებთ ყელსაბამებს, რომლის გამოსახულების შერჩევაც მომხმარებელს შეუძლია. შეკვეთებს ვიღებთ არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ მთელი საქართველოდან. ფოსტით ვუგზავნით მომხმარებლებს შერჩეულ ნივთებს. ჩვენი მთავარი უპირატესობა დაბალი ფასებია. ვცდილობთ პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. მოგეხსენებათ მსგავს პროდუქციას სხვებიც ქმნიან, მაგრამ ფასების გამო ბევრი მის შეძენას ვერ ახერხებს", - ამბობს სოფო.

მისივე თქმით, ის მომავალში ბიზნესის გაფართოებას გეგმავს:

"ჯერ ქართული ბაზარი უნდა ავითვისოთ სრულად და, რა თქმა უნდა, სამომავლო, თუმცა, შედარებით გრძელვადიან გეგმებში საზღვარგარეთ ჩვენი პროდუქციის გატანაც მოიაზრება. ჯერ არ გვიცდია საზღვარგარეთ გაყიდვა. ამ საქმიანობაში ყველაზე დიდი სიამოვნება მეგონა ამ ნივთების დამზადების პროცესი იქნებოდა, თუმცა, ახლა სხვაგვარად ვფიქრობ, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენი პროდუქციით მომხმარებებლები კმაყოფილები არიან და მოწონებას გამოხატავენ".

გვანცამ ხელნაკეთი ნივთების კომპანია ერთი წლის წინ დააარსა. ყველაზე ხშირად იგი  DreamCatcher-ებს ანუ სიზმრების დამჭერს ამზადებს.

გვანცა კორძახია: „ძირითადად ვაკეთებ DreamCatcher-ებს. ეს შეიძლება იყოს ოთახის, მანქანის "ბრელოკი", გულსაკიდი, საყურე, აქსესუარები. ასევე ვაკეთებ  თავის სახვევებს ბუმბულების გვირგვინივით. ვამზადებ ფოტოალბომებსაც, თუმცა, ეს უკანასკნელი მხოლოდ შეკვეთითაა.

ნამუშევრებს ვაბარებ სუვენირების მაღაზიაშიც. შეკვეთებს ძირითადად "ფეისბუქიდან" ვიღებ, ახლა კორპორატიულებზეც გადავალ, სასტუმროების და ბარების ნომრების, ჰოლის ან ბარის გაფორმებას ვგულისხმობ".

მისივე თქმით, იგი თანამშრომლობს ერთ-ერთ საიტთან, რომელიც "ამაზონის" მსგავსი უკრაინული ვებგვერდია.

მარიამ მარქაროვი წლებია მხატვრულ მინაზე მუშაობს, თუმცა შეკვეთების მიღება და ამ საქმიდან შემოსავლის მიღება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. მანვე შექმნა ვებგვერდი, სადაც დებს როგორც თავის ნამუშევრებს ასევე, ნებისმიერი მსურველის პროდუქციას და ონლაინ ყიდის ნივთებს.

მარიამ მარქროვი: სამხატვრო აკადემიაში არის ასეთი ფაკულტეტი მხატრრული მინის აკადემია, სწორედ ეს ფაკულტეტი დავამთავრე ერთი წლის წინ. შეკვეთებს ვიღებ „ფეისბუკის“ გვერდზე, ასევე ხშირად ტარდება გამოფენა-გაყიდვები და იქაც გამაქვს ჩემი ნივთები, მაღაზიებშიც მაქვს ჩაბარებული. ასევე ვაკეთებ დიდ ნაკეთობებსაც - ვიტრაჟებს, ქანდაკებებს, ასეთი ტიპის ნამუშევრები ჩემთან ინახება.

 

რაც შეეხება ვებგვერდს, მე გავაკეთე, აქ იყიდება სხვა ადამიანების ხელნაკეთი ნივთებიც.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მომწეროს და დავდებთ მათ ნივთებსაც. სხვა ქვეყნებში გაყიდვა ჯერ არ მიცდია, რადგან ჩვენთან ფოსტით გაგზავნის პრობლემაა. რაც შეეხება ფასს, აქსესუარების ფასი 20-დან 50 ლარამდეა, ხოლო ვიტრაჟები, ქანდაკებები უფრო მეტი ღირს“.

თეა ბეჟიტაშვილი

Allnews.ge

myquiz