"ეს იყო პაროლი, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო... კარუსელების ახალი სქემაც ჰქონდათ" - ვახტან ხმალაძის სკანდალური განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა რუსული მეთოდებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები ყველა დარღვევის სრულ გამოძიებას ითხოვენ. ამ პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. იქნება თუ არა ოპოზიციის გარეშე პარლამენტი ლეგიტიმური, შესაძლებელი იყო თუ არა, ახალი ტექნოლოგიების ფონზე, არჩევნების გაყალბება, როგორი იქნება ამ ყველაფერზე დასავლეთის რეაქცია? - ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება.
- ჯერ კიდევ საკითხავია, შედგა თუ არა არჩევნები. დღეს საჩივრების შეტანის ვადა მთავრდება, ხვალიდან განხილვა დაიწყება. არ მაქვს იმედი, რომ ზემდგომი საარჩევნო კომისიები - ცესკო და საოლქო ან საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ამ სარჩელებს დააკმაყოფილებენ. შეიძლება, სურათის შექმნის მიზნით, თითო-ოროლა სარჩელი დააკმაყოფილონ - სულ ეს იქნება. მე რაც ვნახე და მოვისმინე, იმის მიხედვით, შემიძლია დავასკვნა, რომ არჩევნები სისტემურად, კარგად დაგეგმილი, სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა.
- როგორ გგონიათ, ოპოზიციონერი ლიდერები გულწრფელები იყვნენ, როდესაც ირწმუნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს ვერ გააყალბებდა? თუ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ?
- რაც დაზუსტებიც ვიცი, არის ის, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით, ამჯერადაც გამოიყენეს ტრადიციული მეთოდები - ადმინისტრაციული რესურსი და ზეწოლა განახორციელეს საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იყო მოსყიდვის ფაქტები, როგორც არჩევნების წინ, ასევე - არჩევნების დღეს. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირებას არ უკეთებდნენ. უფრო სწორად ეკითხებოდნენ, უნდოდათ თუ არა მარკირების გაკეთება. არადა, მარკირება სავალდებულოა. ეს კითხვა ერთგვარი პაროლივით იყო. მარკირებაზე უარის თქმა ნიშნავდა იმას, რომ ამომრჩეველი მათი კაცი იყო. ასეთი ფაქტების არა ერთი თვითმხილველი არსებობს.
- პირადად თუ ესაუბრეთ ასეთი ფაქტების თვითმხილველებს ან თავად თუ შეესწარით დარღვევების შემთხვევებს?
- დიახ, სხვადასხვა ადგილზე მყოფ დამკვირვებლებისგან მივიღე ასეთი ინფორმაცია. ამასთან, კითხვა მარკირების გაკეთებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვერაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩემს დას და სიძეს დაუსვეს. ჩემთვის ასეთი კითხვა არ დაუსვამთ. რა თქმა უნდა, ასეთ კითხვებს არ დაუსვამდნენ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებს.
- ექსპერტთა ნაწილი გაყალბების ახალ სქემებზე საუბრობს...
- სხვათა შორის, კარუსელის დატრიალების ახალი სქემა ჰქონდათ, რაც ადრე არასდროს მინახავს. არჩევნების წინ არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანებს მასობრივად ართმევდნენ პირადობის მოწმობებს და, ასევე, სთხოვდნენ ახლობლების პირად მონაცემებს. ჩნდებოდა კითხვა, თუ რაში სჭირდებოდათ სხვა ადამიანების პირადი მონაცემები? როგორც ახლა გაირკვა, პირადობაჩამორთმეული ადამიანები თავად ვერ მონაწილეობდნენ არჩევნებში, სამაგიეროდ, მათი პირადობებით სხვა ადამიანები მიდიოდნენ, წინასწარ შეთანხმებულ საარჩევნო უბნებზე, რომლებსაც ადგილზე მმართველი გუნდის მიერ მოსყიდული რეგისტრატორები ხვდებოდნენ, თვალს ხუჭავდნენ სხვისი პირადობის მოწმობებით მისული ადამიანების დანაშაულზე. იხილეთ სრულად