რა იწვევს პირის ღრუდან ცუდ სუნს? - გიორგი ღოღობერიძე ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს | Allnews.Ge

რა იწვევს პირის ღრუდან ცუდ სუნს? - გიორგი ღოღობერიძე ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს იმაზე, თუ რა იწვევს პირის ღრუდან ცუდ სუნს და როგორ უნდა მოვაგვაროთ.

- პირის ღრუდან ცუდი სუნი ძალიან ხშირი პრობლემაა. ახლა ვინც გვიყურებს, იმ ადამიანების მესამედს მაინც აწუხებს, თუმცა შესაძლოა, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუ ყოველდღიურობას შევხედავთ, ლოგიკურია, რომ საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუდან ცუდი სუნი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ხახვის, ნივრის შემცველი პროდუქტები, თევზეული, ხორცეული, ალკოჰოლიანი სასმელები, ცილოვანი საკვები მივიღეთ. ეს დროებითი მოვლენაა და გაივლის. მაგრამ, 30%-ს არ გაუვლის. მათ ეს ყოველდღიურად აწუხებს. თუ მიზეზი იცი, რა თქმა უნდა, მას უფრო მარტივად მოაგვარებ.

პირის ღრუდან ცუდი სუნის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

შემთხვევათა 95%-ში პირის ღრუდან ცუდი სუნის მიზეზი ენაა, კონკრეტულად კი ენის ზურგი. აღნიშნულ ადგილას ჰაერი ნაკლები მოცულობით მოძრაობს, ვიდრე წინა ნახევარში. გარდა ამისა, იქ სპეციალური ადგილებია, რაშიც ბაქტერიები მრავლდებიან. როდესაც ცილოვან საკვებს იღებთ, ორი ამინომჟავა მეთიონინი და ცისტეინი საშინლად ცუდი სუნის ნაერთებად გარდაიქმნება. ეს ნაერთები ძალიან მძაფრი სუნისაა. ამიტომ, როდესაც პირის ღრუს გაიხეხავთ, ენასაც დაუთმეთ დრო. თუ გინდათ, რომ პირის ღრუდან ცუდი სუნი არ გქონდეთ, ენის ზურგიც გაიხეხეთ. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც პირის ღრუდან ცუდი სუნი აქვთ, ენაზე თეთრი ფერის ნადები აღენიშნებათ. თუმცა, ნადების გარეშეც შეიძლება ძალიან მარტივად ენის ზურგიდან ცუდი სუნი იყოს.

მეორე მიზეზი ღრძილების ანთებაა. თუ ადამიანს ღრძილების ანთება აწუხებს, მას პირის ღრუდან ცუდი სუნი ექნება. გარდა ამისა, თუ კბილის გარშემო ჯიბეებია, როდესაც საკვებს მიიღებთ, საკვები მასში გროვდება, კი გაიხეხავთ, მაგრამ, როგორც წესი, ჯაგრისით მისი ამოსუფთავება ძალიან რთულია, ბაქტერიები მრავლდებიან და პირიდან ცუდი სუნი გაქვთ. ამიტომ, თუ ღრძილების ანთებას არ უმკურნალებთ, პირიდან ცუდი სუნი არ გაქრება.

მესამე მიზეზი საკუთრივ კბილებია. კარიესის შემთხვევაში კბილებზე სპეციალური ღრმულები ჩნდება, სადაც საკვები ლაგდება. თუ იქ საკვები ჩალაგდება, სუნი აუცილებლად იქნება. ამიტომ, თუ კარიესი გაქვთ, პირი ღრუდან ცუდი სუნი გექნებათ. გარდა ამისა, თუ კარიესი არ გაწუხებთ, მაგრამ კბილებს შორის სივრცეები გაქვთ, აღნიშნულ სივრცეებში საკვების ნარჩენები გროვდება, რასაც პირის ღრუდან ცუდი სუნის გამოწვევა შეუძლია. რატომ არის ხოლმე მოხუცებში ეს პრობლემა უფრო ხშირი? ამას მარტივი ახსნა აქვს - მათ უბრალოდ კბილები აკლიათ. თუ ადამიანს კბილი აკლია, არსებულ სივრცეში საკვების ნარჩენები გროვდება, რის გამოც მას პირის ღრუში ცუდი სუნი აქვს. იხილეთ სრულად

myquiz