მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი

ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საკითხი განიხილება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბოდიშის მოხდას ხელისუფლების უზურპატორებისთვის არ აპირებს.

„ბევრი მოთხოვნაა, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. პირველ რიგში, ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს დაახლოებით ისეთი სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისი აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, ხომ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად და არაგულწრფელად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, მოგისმინოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე - დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი. ბოდიშს მე არავისთან არ ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, მაგრამ, ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, ყველგან, სადაც მივიდოდი ან იმსახურებდა კარგად დახვედრას იმიტომ, რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსეთისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან,“- განაცხადა სააკაშვილმა

myquiz