რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი ძარცვის ე.წ. ქართული მეთოდის შესახებ- "ქართველ კრიმინალებს ქურდების გაწრთვნისთვის, იტალიაში ნამდვილი სკოლები ჰქონდათ შექმნილი" | Allnews.Ge

რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი ძარცვის ე.წ. ქართული მეთოდის შესახებ- "ქართველ კრიმინალებს ქურდების გაწრთვნისთვის, იტალიაში ნამდვილი სკოლები ჰქონდათ შექმნილი"

მიმდინარე კვირაში ევროპაში მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 62 პირი "ქართული მეთოდით" ბინების ძარცვის გამო დააკავეს. იტალიური და ფრანგული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მონაცემები სხვადასხვაა, თუმცა საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ევროპაში 9 თებერვალს სულ საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს. იტალიურ მედიასაშუალებებში ვკითხულობთ, რომ დაკავებულები "სავარაუდოდ წარმოადგენენ ქართული წარმოშობის ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორ დაჯგუფებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია "კანონიერი ქურდების" დანაშაულებრივ გაერთიანებასთან".

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მოხსენიებული ტერმინის - ძარცვის "ქართული მეთოდის" შესახებ უკვე გარკვეული ინფორმაცია ცნობილია, AMBEBI.GE მომხდარსა და ზოგადად, იტალიაში მოქმედი ქართველი კრიმინალების შესახებ მეტის გარკვევის მიზნით იტალიელ გამომძიებელ ჟურნალისტს, იტალიის მთავარი სატელევიზიო ჯგუფის - Mediaset-ისა და გაზეთი Espresso-ს თანამშრომელს, არიანა ჯუნტის დაუკავშირდა.

არიანა ჯუნტი:

- იტალიაში ძალიან აქტიურია ქართული ეროვნების ქურდების ჯგუფები, რომლებიც ბინებს ძარცვავენ. საინტერესოა, რომ სახლები ძალიან ზუსტი მეთოდოლოგიით იძარცვება ხოლმე. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ქურდების გაწვრთნისთვის, რომლებიც შემდეგ სახლების ძარცვაში მონაწილეობდნენ, ნამდვილი სკოლები იყო შექმნილი.

როგორ მუშაობს "ქართული მეთოდი" იტალიაში? ქურდების ეს ჯგუფები წელიწადში რამდენიმე თვეს იტალიაში ატარებენ და მთავარ ქალაქებს შორის მოძრაობენ. ქალაქები, სადაც ყველაზე მეტად არიან წარმოდგენილები, ძირითადად, ჩრდილოეთ იტალიაშია, მაგალითად: ტურინი, მილანი, ნოვარა; ბევრი მათგანი რომში იმყოფება; სამხრეთ იტალიაში კი, უპირველეს ყოვლისა, ბარის ტერიტორიაზე არიან, სადაც რამდენიმე წლის წინ მათი ლიდერები ცხოვრობდნენ, რომელთაც იქ უძრავი ქონება ჰქონდათ.

როგორც აღვნიშნე, საინტერესოა, რომ მათ შექმნეს სკოლები, რათა ქურდებისთვის ესწავლებინათ; კარაბინერებმა ასევე აღმოაჩინეს ფილმებიც, სადაც ზუსტადაა ნაჩვენები, როგორ ხდება საკეტის გაღება კვალის დატოვების გარეშე და რაც შეიძლება მეტი რამის მოპარვა, რაც შეიძლება მცირე დროში. სწორედ ამას ეწოდა "ქართული მეთოდი".

იტალიაში ძარცვის "ქართული მეთოდის" სხვა მახასიათებელია მოქმედება დღის გარკვეულ მონაკვეთებში, რომელიც ღამეს არასდროს ემთხვევა, არამედ, შუადღისით ხდება. ეს ქურდებისათვის ცოტა უცნაური რამაა, რადგან ჩვეულებრივ, ისინი ღამით მოქმედებენ, - მაშინ, როდესაც ხალხი არაა. ამის ნაცვლად, იტალიაში მყოფი ქართველები ქურდობას შუადღისას სჩადიან, მაგალითად, სამსახურის მერე, როდესაც შეიძლება, ადამიანი საყიდლებზე იყოს გასული.

თუმცა, იტალიაში თითქმის ერთი წელია, რაც "ლოქდაუნია" და განსაკუთრებით ეს პერიოდი, როდესაც საკმაოდ მკაცრი "ლოქდაუნი" მოქმედებდა და ხალხი სახლში რჩებოდა, მათთვის კრიზისული აღმოჩნდა. პირველი დღეების შემდეგ, როდესაც ქურდები ვერაფერს აკეთებდნენ, რადგან სახლები არასდროს იყო ცარიელი და ადამიანები სამსახურებში აღარ დადიოდნენ, იტალიაში ქურდობები პრაქტიკულად, გაქრა. შემდეგ, როცა ოფისებში მუშაობა ოდნავ განახლდა და ნორმალური საქმიანობაც შედარებით აღდგა, ქურდებმა მათი მოძრაობის შესწავლა დაიწყეს, ამიტომ ძირითადად დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ხალხი საყიდლებზე წასვლას აპირებდა, ქურდებმა კიდევ უფრო სწრაფად მოქმედება დაიწყეს, რათა ძარცვა რაც შეიძლება მალე მოესწროთ. ამ უკანასკნელმა სპეცოპერაციამ, რომელიც იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს, ამ ტიპის თავისებურება გამოაჩინა, რაც პრაქტიკულად, კოვიდის ეპოქაში ქურდების ევოლუციას წარმოადგენდა.

"ქართული მეთოდი" საკეტების გატეხვის გზის ძალიან ფრთხილად შესწავლას ითვალისწინებს - ისინი არანაირ კვალს არ ტოვებენ. დიდი განსხვავებაა ამ მეთოდოლოგიის მქონე ქართველ ქურდებს და მაგალითად, ალბანურ ორგანიზებულ დანაშაულს შორის. მათ მოქმედების ძალიან განსხვავებული სტილი აქვთ: ქართველები სახლში კვალს არ ტოვებენ, კარს აღებენ განსაკუთრებული გასაღებით, რომელსაც ნებისმიერი ტიპის საკეტის გაღება შეუძლია - სწორედ ასე შედიან ქურდები სახლებში უკვალოდ. იმის გამო, რომ კარს საერთოდ არაფერი ეტყობა, შინ დაბრუნებული ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ ის გაქურდეს.

- რა შეგვიძლია ვთქვათ სპეცოპერაციაზე, სახელწოდებით "კანონიერი ქურდი", რომელიც, როგორც ვიცი, 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2018 წლამდე გრძელდებოდა?

- დიახ, საპოლიციო ოპერაციები, თუ კარაბინიერების ან იტალიის რომელიმე სამხედრო ორგანოს მიერ ჩატარებული ოპერაციები და გამოძიებები, ყველა მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ცდილობენ, დაიჭირონ ქურდები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან "ვორებთან" - "კანონიერ ქურდებთან", ანუ მათ უფროსებთან. მათგან საქართველოში ძალიან ცოტაა დარჩენილი, თითქმის ყველა საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიის ზოგ ნაწილშიც კი ცხოვრობს. საინტერესოა, რომ ახლა გამომძიებლები ცდილობენ, სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავებულების კავშირები მონახონ, განსაკუთრებით კი სინტთან, რომელიც იტალიაში მცხოვრები მომთაბარე მოსახლეობაა და ოქროს ქურდობით და მისი საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნებში გაყიდვითაა დაკავებული, განსაკუთრებით ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის დრო.

ასევე არსებობს კავშირი ალბანეთის ორგანიზებულ დანაშაულთან, რადგან ისინი ხშირად მოქმედებენ მათთან თანხმობაში. ყველა ამ ოპერაციას, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის წინ ჩატარებულს, იმ იტალიელი გამომძიებლების ინტუიციიდან დაედო სათავე, რომლებიც ნოვარას პროვინციაში ცხოვრობდნენ - ეს იტალიის რეგიონში, პიემონტში მდებარე დაბაა. ნოვარა ძალიან წყნარი ქალაქია და მრავალი ასეთი ქართველი იქ იმიტომ დასახლდა, რომ იქ საერთოდ არაფერი ხდება, არანაირი დანაშაული არაა გავრცელებული. ამიტომ მათ იციან, რომ შეუძლიათ, იქ მშვიდად დარჩნენ, საცხოვრებელი ბაზა ჰქონდეთ და შემდეგ გასაქურდად იქიდან იტალიის სხვა ნაწილებში წავიდნენ. როგორც წესი, კრიმინალები დანაშაულს იქ არ სჩადიან, სადაც ცხოვრობენ.

- თქვენ თქვით, რომ ქართველები სხვადასხვა ქალაქს შორის გადაადგილდებიან...

- ამ ქურდების უმეტესობა, როდესაც მათ იტალიის ტერიტორიაზე თვეების განმავლობაში უწევთ ცხოვრება, ნოვარაში ცხოვრობენ, სადაც მომთაბარეების მრავალი ბანდაცაა წარმოდგენილი. ქურდებს პოლიცია "ჯარისკაცებს" უწოდებს, რადგან ისინი ლიდერის, უფროსის სახელით მოქმედებენ. ნოვარაში ცხოვრების მერე "ჯარისკაცები" რამდენიმე თვით იტალიის სხვა ქალაქებში იგზავნებიან, რათა სხვა ქალაქებში არსებული მდგომარეობა ცოტათი შეისწავლონ. ცხადია, ნებისმიერი ქურდობის წინ ქართველი ქურდები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან სახლებს, რომელთა გაძარცვაც სურთ.

მეტიც, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ითქვას - ისინი არასდროს სჩადიან სერიოზულ დანაშაულს, არასოდეს მომხდარა ადამიანების დაყაჩაღება, დაჭრა ან მკვლელობა. კარგად იციან, რომ როდესაც სახლებში შედიან, ძალიან ბევრი პრობლემა არ უნდა შექმნან. ასევე, ძალიან მშვიდი ცხოვრების წესი აქვთ, მაგალითად, არ ეტანებიან ნარკოტიკებს. კარაბინიერებმა შეამჩნიეს, რომ ზოგი მათგანი ჰეროინს იყენებს, მაგრამ მხოლოდ ქურდობამდე, რადგან ჰეროინი ხელებში ნერვებს აფართოვებს, ასე რომ, საკეტების გასახსნელად ასე ხელებით მუშაობა უფრო კარგად და თავისუფლად შეუძლიათ, - მაგრამ ჰეროინს მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით იყენებენ.

- რა შეგიძლიათ თქვათ ქურდობაში სპეციალიზირებული ამ ქართული ბანდის ორგანიზების შესახებ?

- თითოეული ბანდა ათეულობით ადამიანისგან შედგება. ისინი ძალიან მჭიდრო სამხედრო იერარქიით გამოირჩევიან. მათგან 2 ადამიანს "გენერლებს" უწოდებენ - მათ, ვინც ბრძანებებს გასცემს; შემდეგ არიან "ჯარისკაცები", რომლებიც რეალურად მოქმედებენ და სახლებს ძარცვავენ.

ამასთან, ისინი მობილურ ტელეფონებს არ იყენებენ, რომ არავინ მოუსმინოს და ამის ნაცვლად Walkie-Talkie-ს იყენებენ, რისი მიყურადებაც შეუძლებელია. ხშირად იყენებენ ელექტრონულ სისტემებს - jammer-ებს, რომელიც სიხშირეს ახშობს - ამ მოწყობილობის ჩართვით, მის გარშემო აღარაფერი ისმის. ასე რომ, თუ მათ შორის ვინმეს შემთხვევით მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, ამ მობილურის მოსმენა მაინც შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, საკმაოდ ბევრ ინსტრუმენტს ფლობენ.

კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა ტატუ, რომელიც ვნახეთ - ზოგიერთ მათგანს, ვინც დააპატიმრეს, სხეულზე ვარდის ტატუ ჰქონდა, რომელიც "კანონიერი ქურდების" - "ვორების"ტატუა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz