პაატა იმნაძე - ველოდებით ჩვენთვის მისაღები რომელი ვაქცინა გამოჩნდება, რუსულ ვაქცინაზე საუბარი არ არის | Allnews.Ge

პაატა იმნაძე - ველოდებით ჩვენთვის მისაღები რომელი ვაქცინა გამოჩნდება, რუსულ ვაქცინაზე საუბარი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პაატა იმნაძე ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვით რუსეთი ახლა ასრულებს ვაქცინაზე მუშაობას და თუ ქართული მხარე დაინტერესდება, ვაქცინის განაწილებისთვის მზად არიან.

როგორც იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველომ გადაიხადა დამატებითი თანხა იმისთვის, რომ ვაქცინის პლატფორმაზე ჩვენთვის სასურველი ვაქცინის არჩევა შეგვეძლოს და რუსულ ვაქცინაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

"საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა აქამდეც და ამის შემდეგაც უნდა იყოს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცრებული, იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ჩვენ ვართ კოვიდის პლატფორმაზე, გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპულ თუ ამერიკულ მწარმოებლებთან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც ქვეყანამ მიიღოს ვაქცინა. საქართველომ გადაიხადა დამატებითი თანხა ვაქცინის პლატფორმაზე იმისათვის, რომ შეგვეძლოს ვაქცინის არჩევა. განსხვავება არის მათ დისტრიბუციაში, ერთს -70 გრადუსი სჭირდება, მეორეს -20 და მესამეს ჩვეულებრივი „ცივი ჯაჭვი“. „ცივი ჯაჭვი“ საქართველოში ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი და პრობლემას არ წარმოადგენს -20 - იანი მაცივრებიც ყველა რაიონის დონეზეა.

რაც შეეხება -70 გრადუსს, დაავადების კონტროლის ცენტრში გვაქვს ამის შესაძლებლობა და მიმიდინარეობს მუშაობა, რომ რეგიონულ დონეზეც შესაძლებელი გახდეს 70 - გრადუსიანი „ცივი“ ჯაჭვის მოწყობა.

გამომდინარე აქედან, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, გეგმა მზად არის და ველოდებით ჩვენთვის მისაღები, რომელი ვაქცინა გამოჩნდება. ჯერჯერობით რუსულ ვაქცინაზე საუბარი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

myquiz