დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან | Allnews.Ge

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე ამოქმედდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, ეს მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.

"არსებობს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გათვალისწინებულია 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი. საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს - ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც," - განაცხადა ოხანაშვილმა.

myquiz