ორი ხარვეზი, რის გამოც ავტომობილებს ტექინსპექტირებისას ყველაზე ხშირად იწუნებენ | Allnews.Ge

ორი ხარვეზი, რის გამოც ავტომობილებს ტექინსპექტირებისას ყველაზე ხშირად იწუნებენ

„2019 წლის პირველ კვარტალში მათგან, ვისაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ეკუთვნოდა, 28% ინსპექტირებაზე არ გამოცხადდა“. ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინსპექტირების შედეგად ყველაზე ხშირად აღმოჩენილ ხარვეზებს შორის ჭარბობს ფარებთან, შუქამრეკლებთან და ელექტრომოწყობილობასთან (31%) და ხილვადობასთან (17%) დაკავშირებული უწესრიგობები.

შსს-ს 2019 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, საქართველოში 1 042 246 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული.

„რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით, 2019 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება დაახლოებით 260 000 მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა გაევლო.

რეალურად პირველადი ინსპექტირება გაიარა დაახლოებით 187 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათგან, ვისაც 2019 წლის პირველ კვარტალში ეკუთვნოდა ტექინსპექტირების გავლა, 28% არ გამოცხადდა ინსპექტირებაზე. ეს მაჩვენებელი მოიცავს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც აქტიურ ექსპლუატაციაში არ იმყოფება და რომელთა რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კვლევის პროცესში მოპოვებული ინსპექტირების სამი ყველაზე მსხვილი ბაზის ოპერატორების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან 2019 წელის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში 322 580 ინსპექტირების შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ 72%-ს პირველადი ინსპექტირება წარმოადგენდა, სადაც დახარვეზების მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.

myquiz